მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ი Perplexity-ის ყიდულობს?

#TECHINFORM - რატომ არის ტიმ კუკი #ტექლიდერი?

ბოლო წლებში, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, თითქოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით Apple-ი კონკურენტებს ჩამორჩა. ამ იდეას რამდენიმე არგუმენტი ამყარებს, მათ შორის Siri-ის განუვითარებლობა და მნიშვნელოვნად დაგვიანებული Apple Intelligence-ი, რომელიც სრულად ჯერაც არ ამოქმედებულა, არადა დაანონსებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა.

თუ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, Apple-ის ტექნოლოგიური ჩამორჩენის ეპოქა, შესაძლოა, წარსულს ჩაჰბარდეს. Apple-ის ყველაზე ავტორიტეტული ინსაიდერის, Bloomberg-ის მარკ გარმენის ცნობით, Apple-ის მენეჯმენტი AI-სტარტაპ Perplexity-ის შეძენას განიხილავს, მაგრამ გარიგება მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს, ანუ კომპანიებს შორის საუბარი ჯერ არ შემდგარა და, შესაძლოა, არც არასდროს შედგეს.

Apple-ის მიერ Perplexity-ისადმი ინტერესი უცნაური არ არის, რადგან OpenAI-ის ChatGPT-ისგან ან Anthropic-ის Claude-ისგან განსხვავებით, Perplexity წარმოადგენს არა კონკრეტული კომპანიის მიერ შექმნილ AI-მოდელს, არამედ უფრო მრავლისმომცველ პროგრამას, რომელიც სხვა კომპანიების მიერ შექმნილ AI-მოდელებს იყენებს. ეს მიდგომა, Apple-ისთვის საინტერესოა Google-თან თანამშრომლობის კუთხით, რომელსაც მარეგულირებლების ჩარევით, შესაძლოა, შავი დღე დაუდგეს.

ეს თანამშრომლობა, რომლის ფარგლებში Google-ის საძიებო სისტემა ავტომატურადაა ხელმისაწვდომი Apple-ის ბრაუზერში, ტიმ კუკის კომპანიისთვის ყოველწლიურად $20 მილიარდის გარანტირებულ შემოსავალს ნიშნავს, მაგრამ თუ მარეგულირებელმა ეს გარიგება აკრძალა, Apple-ი, რეალურად, საძიებო სისტემის გარეშე რჩება და ამ ვაკუუმის ამოვსების ერთ-ერთ საინტერესო კანდიდატად სწორედ Perplexity ითვლება, რომლის ფლაგმანური პროდუქტი სწორედ საძიებო სისტემაა.

Apple-ი ალტერნატიულ სცენარსაც განიხილავს, რომელი Perplexity-სთან პარტნიორობას გულისხმობს, ანუ AI-ის ინტეგრაციას Safari-ში და Siri-ში. თუმცა ამ გეგმას შესაძლოა ხელი შეუშალოს Perplexity-ის მომავალი თანამშრომლობა Samsung-თან, რომელიც Apple-ის მთავარი კონკურენტია სმარტფონების სექტორში. ცოტა ხნით ადრე, Perplexity-ის თვალი META-მაც დაადგა, მაგრამ გარიგება ვერ შედგა და მას შემდეგ, მარკ ზაკერბერგმა Scale AI-ის 49%-იანი წილი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები