მსოფლიო ტექგიგანტი, საკუთარი ძვირად ღირებული სათვალის, Vision Pro-ს ახალ ვერსიას წლის ბოლოსთვის წარადგენს. განახლებულ მოდელში უფრო სწრაფი პროცესორი ჩაშენდება. ამას გარდა, ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე აპლიკაციებისთვის საჭირო კომპონენტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ი Vision Pro-ს თავზე დასამაგრებელი სარტყლის ახალ დიზაინსაც წარადგენს, რადგან არსებული ვარიანტის არაკომფორტულობა მომხმარებელთა უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.
როგორც ჩანს, Apple-ს Vision Pro-ს ახალი ვერსიის წარდგენით იმედგაცრუებული მომხმარებლების კეთილგანწყობის ხელახლა მოპოვება სურს. 2024 წლის თებერვალში გამოსული მოწყობილობა არაერთგვაროვნად შეფასდა. თუ $3,499-დოლარიანი Vision Pro-ს მფლობელების ერთი ნაწილი პროდუქტის მაღალ ხარისხსა და უკონკურენტო შესაძლებლობებზე საუბრობდა, მეორე ნახევარი მოწყობილობის არაკომფორტულობასა და ელემენტზე ამახვილებდა ყურადღებას.
ექსპერტები მოელიან, რომ Apple-ი Vision Pro-ს ახალი ვერსიის გამოშვებით არსებულ უპირატესობებს გააუმჯობესებს, მომხმარებლების მთავარ მოთხოვნებს კი უპასუხოდ არ დატოვებს.




























