მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის AI ასისტენტს Google-ი შექმნის

Apple-ი და Google-ი

Apple-ის ცნობილი ინსაიდერის, მარკ გარმენის ინფორმაციით, Apple-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Siri-ს განვითარებაზე Google-ი იზრუნებს. როგორც დგინდება, ამერიკულმა ტექ-გიგანტმა კონკურენტ კომპანიას დახმარების თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც გაირკვა, რომ პროდუქტის მომხმარებლისთვის დათქმულ დროში წარდგენას თავად ვერ შეძლებდა.

უცნობია, რამდენს გადაუხდის Apple-ი Google-ს საკუთარი ხელოვნური ასისტენტის ტექნოლოგიის გაზიარებისთვის, თუმცა ცნობილია, რომ ტექ-გიგანტი კონკურენტისთვის Gemini-ს პარალელურ მოდელს შექმნის. არსებული ინფორმაციით, მზა პროდუქტი Apple-ს 2026 წლის დასაწყისში გადაეცემა, გაზაფხულის პირველ ღონისძიებაზე კი ტექ-გიგანტი Siri-ს განახლებულ ვერსიას წარადგენს.

მარკ გარმენის თქმით, ამ გარიგებით Apple-ს აღარ მოუწევს საკუთარი მოდელის შექმნა და Google-ისგან Gemini-ს ალტერნატიული ვერსიის მიღების შემდეგ, Siri-ს განვითარებას თავად გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ Google-ს კონკურენტისთვის შექმნილ პროდუქტზე, ასევე მის მონაცემებზე წვდომა არ ექნება. შესაბამისად, Apple-ის მომხმარებლები უსაფრთხოების რისკებისაგან დაზღვეულები იქნებიან. თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ეს თანამშრომლობა როგორც Google-ს, ისე Apple-ს ჰაკერული თავდასხმებისადმი მეტად მოწყვლად გახდის, რადგან ორივე კომპანიის ასისტენტი ერთ სისტემაზე იქნება აგებული.

გარმენი კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს. როგორც Apple-ის ინსაიდერი აცხადებს, კომპანია Google-თან მოლაპარაკების პარალელურად შეთანხმების დადებას Anthropic-თანაც აპირებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი კონკურენტზე გაკეთდა. მიზეზად კი Gemini-ს განვითარების ხარისხი და შესაძლებლობები, ასევე ფინანსურად მეტად მისაღები ინიციატივა დასახელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები