ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა პოდკასტებთან დაკავშირებით აქამდე არსებული სტრატეგია შეცვალა და დააანონსა, რომ გაზაფხულზე საკუთარ პლატფორმა Podcast-ზე მომხმარებელს არამარტო აუდიო, არამედ ვიდეომასალასაც შესთავაზებს.
ამ ნაბიჯით კომპანია ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს სექტორის გიგანტს, Youtube-ს და Apple Music-ის ტრადიციულ კონკურენტ Spotify-ს, რომელმაც პოდკასტების ვიდეოვერსიები ცოტა ხნის წინ დაამატა საკუთარ სისტემას. როგორც ირკვევა, Podcast-ის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ხელის ერთი დაჭერით გადართონ პოდკასტის აუდიო ვერსია ვიდეოზე. რაც მთავარია, შესაძლებელი იქნება მისი ჩამოტვირთვა და ე.წ. Picture in Picture ფორმატში ყურება.
მარტივად რომ ვთქვათ, Podcast-ის ჩაკეცვისა და სხვა აპლიკაციის ჩართვის მიუხედავად, აუდიო-ვიდეო გამოსახულება არ გაქრება და მისი ყურების გაგრძელება პარალელურად შეგეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ Apple-ი, რომლის სერვისების სეგმენტი კვარტალში $30 მილიარდს გამოიმუშავებს, ამ ნაბიჯით ბაზრის დაბრუნებას ცდილობს. ბაზრის, რომლის აუდიტორიის 37% უკვე ვიდეო პოდკასტების აქტიური მაყურებელია. როგორც ირკვევა, Podcast-ებში ვიდეოების სერვისის ჩაშენებიდან შემოსავლების გენერირებას Apple-ი დინამიკური, სწრაფი რეკლამების განთავსებით გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პოდკასტების ინდუსტრია წარმოუდგენლად გაიზარდა და მან არაერთი ვიდეო-აუდიო პლატფორმა მიიზიდა. კერძოდ, დღეს სექტორის უპირობო ლიდერი YouTube-ია, რომელსაც ყოველთვიურად 1 მილიარდი აქტიურ პოდკასტ-მაყურებელი ჰყავს. Spotify კი კრეატორებს ასობით მილიონ დოლარს უხდის, რათა ექსკლუზიური ვიდეოები სწორედ მათ პლატფორმაზე გამოქვეყნდეს.




























