მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის ფინანსური დირექტორი, ლუკა მაესტრი თანამდებობას ტოვებს

ლუკა მაესტრი

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯმენტი დიდი ცვლილების წინაშე აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის, Apple-ის ფინანსური დირექტორი, ლუკა მაესტრი თანამდებობას ტოვებს. სამოცი წლის იტალიელი მენეჯერი, რომელიც კომპანიის ფინანსურ დირექტორად ჯერ კიდევ შორეულ 2014 წელს დაინიშნა, კორპორაციულ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი აღმასრულებელია, რომელმაც Apple-ი ჯერ $1-ტრილიონიან, შემდეგ კი $3-ტრილიონიან კომპანიად აქცია. ლუკა მაესტრის წასვლით, Apple-ში ეპოქა დასრულდა.

კუპერტინოში იტალიელი მენეჯერი 2014 წელს გადმოსახლდა, ანუ იმ დროს, როცა Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $600 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო iPhone 6 პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო სმარტფონად ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ლუკა მაესტრის, ისევე, როგორც მისი პირდაპირი უფროსის, ტიმ კუკის კარიერული წარმატება, დიდწილად, სწორედ ამ სმარტფონმა განსაზღვრა. 2014 წელს გამოშვებული iPhone 6 ისტორიაში ყველაზე გაყიდვად iPhone-ის წოდებას ინარჩუნებს, თანაც შთამბეჭდავი 220 მილიონი ერთეულით.

იმ დროს, მაესტრიმ კომპანიის მენეჯმენტისგან ურთულესი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დავალება მიიღო - ფინანსურ დირექტორს კომპანია ისე უნდა გაეზარდა, რომ თან დიდი მოცულობით ნაღდი ფული შეენარჩუნებინა, რომელსაც, დროთა განმავლობაში, ინვესტორებს დივიდენდის სახით გაუნაწილებდა. დავალება ლუკა მაესტრიმ ზედმიწევნით აღასრულა და მომდევნო დეკადის განმავლობაში, Apple-მა კორპორაციული ამერიკის ისტორიაში აქციების გამოსყიდვის უმსხვილესი, $400-მილიარდიანი პროგრამა გამოაცხადა და თან, არც ინვესტორებისთვის დივიდენდის გაცემა შეუწყვეტია.

ამრიგად, Apple-ის აქცია წინა დეკადის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფასიან ქაღალდად იქცა, რომლის აქციონერებს შორის უმთავრესი - ლეგენდარული უორენ ბაფეტი იყო. პერიოდულად იზრდებოდა კომპანიის შემოსავალი, ხოლო თავად Apple-ი ახალ ბაზრებზე შედიოდა და ახალ პროდუქტებს ქმნიდა. აი, სწორედ ლუკა მაესტრის პერიოდს ემთხვევა Apple-ის სერვისული და მოწყობილობების ბიზნესის განვითარება, ისევე, როგორც პირველი iPhone-ის შემდეგ ყველაზე გახმაურებული პროდუქტის, Apple Vision Pro-ს გამოშვება. თან, ყველაფერი ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა Apple საშუალოდ 40%-იანი მოგების მარჟის შენარჩუნებას ახერხებდა.

ლუკა მაესტრის მიერ ტექნოლოგიური გიგანტის ფინანსურ სამზარეულოში დაწყებულ საქმეს მისი მოადგილე, Apple-ის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, კევან პარეხი გააგრძელებს. კევან პარეხი 52 წლის ამერიკელი მენეჯერია, რომელიც Apple-ის გუნდს თერთმეტი წლის წინ შეუერთდა და მას შემდეგ, არაერთი თანამდებობა გამოიცვალა, ძირითადად ფინანსურ დეპარტამენტში. როგორც კალიფორნიაში ამბობენ, Apple-ის მომავალი ფინანსური დირექტორი ლუკა მაესტრის აღზრდილია, რომელიც ყველანაირად შეეცდება, Apple-ის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები