მსოფლიო ისევე გააოცა Apple-ის მიერ შერეული რეალობის სათვალის, Vision Pro-ს წარმოდგენამ, როგორც ეს 2007 წელს პირველი iPhone-ის შემთხვევაში მოხდა. თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ეს მოწყობილობა, სულ მცირე იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ბაზარზე გამოჩნდა, კომერციული წარუმატებლობისთვის იყო განკუთვნილი. გამოშვებიდან ხუთ თვეში, Apple Vision Pro ჯერაც ძალიან ძვირად ღირებულ და ნიშურ პროდუქტად რჩება, რომლის სამგანზომილებიანი შესაძლებლობებით დიდად ვერავინ მოიხიბლა, დეველოპერების, სივრცითი დიზაინერების და ტექნოლოგიური ენთუზიასტების მცირე ჯგუფს თუ არ ჩავთვლით.
პროდუქტი, რომელიც Apple-მა წარმოადგინა, ჭეშმარიტად რევოლუციურია და ობიექტურები თუ ვიქნებით, ამ დონისა და ხარისხის XR-სათვალე ბაზარზე მეორე არ არის. შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ Apple Vision Pro-მ გარკვეულწილად დროს გაუსწრო, რადგან პროდუქტი კი არის რევოლუციური, მაგრამ სფერო, სივრცითი კომპიუტინგი, ანუ სფერო, რომლის ცვლილებაც განიზრახეს Apple-ში, ჯერ ფაქტობრივად არ არსებობს. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Apple Vision Pro-მ, გარკვეულწილად, დროს გაუსწრო.
ასეთი პროდუქტები ამერიკულ გიგანტს ამ დრომდეც შეუქმნია და Apple-ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის, iPhone-ის ისტორიას თუ გავიხსენებთ, არაერთ მსგავსებას დავინახავთ. იმ დროს, როცა სტივ ჯობსმა პირველი თაობის iPhone-ი წარმოადგინა, ბაზარზე ფლაგმანურ ტელეფონებად Nokia N95, BlackBerry Curve და Motorola RAZR V3 ითვლებოდა. ღილაკებით დატვირთულ მობილურებზე უარი ინდუსტრიამ რამდენიმე წელიწადში თქვა, რა დროსაც Apple-მა iPhone-ში არაერთი სიახლე გამოაჩინა, მათ შორის აპლიკაციების ონლაინმაღაზია App Store-ი და 3G-ინტერნეტი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც პირველი თაობის iPhone-ებმა განიცადა - ფასის დრამატული შემცირება იყო, რადგან თუ iPhone-ი $599 ღირდა, iPhone 3G-ის საწყისი ფასი სულ რაღაც $199 იყო.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიკითხოთ - აქცევს თუ არა გაიაფება Apple Vision Pro-ს წარმატებულ კომერციულ პროექტად? სავარაუდოდ, კი - თუმცა მხოლოდ ფასით მომხმარებლის გულების მოგება შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ მომხმარებელს თავზე და სახეზე არაფრის ტარება არ უნდა, მით უმეტეს დიდი ხნის განმავლობაში. თან, Apple Vision Pro საკმაოდ მძიმეა, ხოლო ეკრანების სიახლოვე თვალებს სტკენს, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია. ცხადია, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სულ მცირე დღეს, Apple Vision Pro ფაქტობრივად არანაირ პრობლემას არ აგვარებს, რაც კომერციულად წარმატებული პროდუქტის შექმნის საწინდარია. ამასთან, დღემდე ვერ ვიხილეთ აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს Vision Pro-ზე გადმოიყვანდა, თანაც იმ პირობებში, რომ XR-სათვალეზე მუშაობა კუპერტინოში ჯერ კიდევ ათწლეულის წინ დაიწყეს.
რევოლუციურად შეფუთული პროდუქტის გასავრცელებლად Apple-მა XR-სათვალის საერთაშორისო გაფართოება დაიწყო: ივნისში, Apple Vision Pro ჩინეთში, ჰონკონგსა და სინგაპურში გამოჩნდა, ხოლო ივლისში საფრანგეთში, გერმანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოში გაიყიდება. როგორც ჩანს, უშუალოდ Vision Pro-ში რაღაც შეიცვალა, რაზედაც მოწყობილობის კოდური სახელწოდების ცვლილება მიუთითებს. თუმცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში $3,500-იანი პროდუქტის გაყიდვით Apple-ი Vision Pro-ს მასობრივი გამოყენების საგნად უბრალოდ ვერ აქცევს, რის გამოც, ადრე თუ გვიან, ბაზარზე Vision Pro-ს შედარებით იაფი "უმცროსი ძმა" უნდა გამოჩნდეს.
Apple Vision Pro-ს შედარებით იაფ ვერსიაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, Apple Vision-ის სახელწოდებით ვიხილავთ, კუპერტინოში უკვე წლებია მუშაობენ და დღის შუქს ის, სავარაუდოდ, 2025 წელს იხილავს. სულ მცირე, ეს არის გეგმა, რომელიც ამერიკულ კომპანიაში აქვთ. ეს პროდუქტი, წესით და რიგით, $1,500-$2,000 შუალედში უნდა ღირდეს, რაც Apple-ისთვის პრობლემაა. საქმე ისაა, რომ Apple Vision Pro იმდენი სიახლით არის გამოტენილი, რომ მისი იაფიანი ვერსიის ისე შექმნა, რომ მოწყობილობამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციონალი შეინარჩუნოს, საკმაოდ რთული დავალებაა. ერთი, რასაც Apple-ის შედარებით იაფიან XR-სათვალეში ვეღარ ვიხილავთ, EyeSight-დისპლეია, რომელიც სათვალის მატარებელი ადამიანის სახეს მოწყობილობის გარედან აჩვენებს. ამასთან, შეიცვლება თავად დისპლეის გარჩევადობა.
თუმცა იმ რეალობაშიც კი, სადაც Apple-ი მშვენიერი $1,500-იანი XR-სათვალის შექმნას შეძლებს, შესაძლოა, პრობლემები არსად წავიდეს. საქმე ისაა, რომ $1,500-იანი მოწყობილობა კონკურენტებთან შედარებით სამჯერ უფრო ძვირი იქნება და თან არც ის ტექნოლოგიური სიახლეები ექნება, რომლითაც Vision Pro თავს იწონებს. ამგვარად, არ უნდა გაგვიკვირდეს, კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ საერთოდ რომ ვერ იმუშაოს. ამგვარად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თუ Apple-მა იაფიანი XR-სათვალე მართლა გამოუშვა, ის იქნება არა ცალკე მდგომი პროდუქტი, არამედ Mac-ის ან iPhone-ის აქსესუარი.
ისე კი, იმ დროს, როცა Apple-ში Vision Pro -ზე მუშაობას აგრძელებენ, კომპანიაში კიდევ ერთ პროექტს ამუშავებენ, რომელიც გაფართოებული რეალობის სათვალის შექმნას გულისხმობს. ამ პროექტში Apple-ის ინვესტიცია უკვე დადასტურდა და, შესაძლოა, iPhone-ი სწორედ ამ პროდუქტმა ჩაანაცვლოს, რადგან Apple Vision Pro-მ ეს მოლოდინი, სულ მცირე ჯერ, ვერ გაამართლა.