2007 წლის 9 იანვარს, ლეგენდარულმა სტივ ჯობსმა კაცობრიობას ჯერ არნახული მოწყობილობა - iPhone-ი გააცნო. ეს იყო მობილური ტელეფონი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა ინდუსტრია და ტერმინი - “სმარტფონი” ყოველდღიურ ენაში შემოიტანა.
დღეს, iPhone-ი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტელეფონია, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ფლობს. Apple-ის მიერ შექმნილ სმარტფონზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ დეტალურად მოგიყვეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ეს სმარტფონი 2007 წლიდან - დღემდე.
iPhone - 2007 წელი
პირველი თაობის iPhone-ი ორი კომპლექტაციით გამოვიდა - 4-გიგაბაიტიანი მოდელი $499-ად იყიდებოდა, 8-გიგაბაიტიანი მოდელი კი - $599 ღირდა. იმ დროისთვის საკმაოდ მაღალ ფასს Apple-ი 3.5-ინჩიანი ეკრანით, 2-მეგაპიქსელიანი უკანა კამერით, ბლუთუზით და, რაც მთავარია, დინამიკური ეკრანით ხსნიდა. ამ უკანასკნელის დამსახურებით, ფიზიკური კლავიატურა აღარ იკავებდა ტელეფონის ნახევარს, რითაც Apple-მა BlackBerry და Nokia ჩაძირა.
iPhone 3G - 2008 წელი
პირველი თაობის iPhone-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიამ iPhone 3G წარადგინა, რომლის მთავარი ხიბლი, დღეს უკვე მოძველებული 3G-ინტერნეტი და მასთან ერთ მუშტად შეკრული GPS-ტექნოლოგია იყო. ეს iPhone-ი დაიხვეწა და ვიზუალურადაც შეიცვალა, მაგრამ, რაც მთავარია, ის გაცილებით იაფი იყო: 8-გიგაბაიტიანი მოდელი $199 ღირდა, 16-გიგაბაიტიანი მოდელი კი - $299-ად იყიდებოდა.
iPhone 3GS - 2009 წელი
ფასების შემცირება ამერიკულმა გიგანტმა ერთი წლის შემდეგაც გაგრძელდა, როცა iPhone 3GS წარმოადგინა - სმარტფონი, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფი და ლამის ორჯერ უფრო იაფი იყო. 8-გიგაბაიტიანი მოდელი $99 ღირდა, 16-გიგაბაიტიანი მოდელი $199-ად იყიდებოდა, ხოლო ახალი, 32-გიგაბაიტიანი iPhone-ის ფასი $299-ად განისაზღვრა.
iPhone 4 - 2010 წელი
პირველი თაობის iPhone-ის გამოშვებიდან სამი წლის თავზე, Apple-ის სმარტფონმა პირველი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ბაზარს, იმ დროს, რევოლუციური iPhone 4 წარუდგინა. მართალია ეკრანის ზომა უცვლელი დარჩა, მაგრამ iPhone-ში პირველად გამოჩნდა Retina დისპლეი, ხოლო თავად ტელეფონმა ფორმა იცვალა - თან, ეს ყველაფერი ისე, რომ Apple-ს სმარტფონი არ გაუძვირებია.
iPhone 4S - 2011 წელი
Apple-ის მომდევნო ტელეფონი კომპანიამ მას შემდეგ წარმოადგინა, რაც სტივ ჯობსი ჯანმრთელობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა, ანუ iPhone 4S ტიმ კუკუს ეპოქის პირველი სმარტფონია. ფასი, კომპანიამ, ამ შემთხვევაშიც უცვლელი დატოვა, მაგრამ გამოჩნდა ახალი, 64-გიგაბაიტიანი მოდელი და, რაც მთავარია, გაძლიერდა პროცესორი და გაუმჯობესდა კამერა.
iPhone 5, iPhone 5S და iPhone 5C - 2012-2013 წლები
ინოვაციურობაზე უარი Apple-მა არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში თქვა, როცა iPhone 5, iPhone 5S და iPhone 5C წარმოადგინა. ამ თაობის სმარტფონები უფრო თხელი, უფრო დიდი და, რაც ყველაზე დასამახსოვრებელია, უფრო ფერადი გახდა. ასევე, სწორედ iPhone 5S იყო Apple-ის პირველი სმარტფონი, რომელსაც თითის ანაბეჭდის წამკითხველი დაემატა.
iPhone 6 და iPhone 6 Plus - 2014 წელი
აი, ნამდვილი ინოვაცია iPhone-მა 2014 წელს განიცადა, როცა პლანეტას Apple-ის ამ დრომდე ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი - iPhone 6 და iPhone 6 Plus-ი მოევლინა. ახალი დიზაინი, ახალი ჩიპი, კამერა და NFC-ტექნოლოგია იყო ის სიახლეები, რომლებიც ტიმ კუკის გუნდმა ამ სმარტფონში ასახა და ერთი წლის შემდეგ, iPhone 6-ში და iPhone 6S Plus-ში გადაიტანა, ოღონდ კიდევ უფრო თამამად და გაბედულად.
iPhone 7 და iPhone 7 Plus - 2016 წელი
ამერიკული კომპანიის მთავარი პროდუქტის დიზაინი რადიკალურად არც მომდევნო წელს შეიცვალა, როცა Apple-მა iPhone 7 და iPhone 7 Plus წარმოადგინა. თუმცა, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებები ამ სმარტფონში მაინც ვიხილეთ - მთავარი, მაინც ღილაკის ტექნოლოგიის შეცვლა და აუდიო ჯეკის გაქრობა იყო, რასაც მომხმარებლები არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X - 2017 წელი
2016-2017 წლებში, iPhone-მა ერთბაშად რამდენიმე ახალი სმარტფონი გამოუშვა, რომლებშიც აბსოლუტურად ყველა ფუნქციონალი დაიხვეწა, ხოლო iPhone X-ში სახის ამომცნობი ტექნოლოგია, პირველი თაობის ბიონიკური პროცესორი A11 და Super Retina დისპლეი გამოჩნდა.
iPhone XR, iPhone Xs და iPhone Xs Max - 2018 წელი
ძირითადად ეკრანის განახლებას დაეთმო მომდევნო წელი, როცა Apple-მა iPhone XR, iPhone Xs და iPhone Xs Max წარადგინა - მოდელები, რომელთაც, მას შემდეგ, დღის შუქი არასდროს უნახავთ. ეს ორი წელი, Apple-ის ენთუზიასტებს შორის ერთგვარ უცნაურ და გარდამავალ პერიოდად არის მიჩნეული.
iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max - 2019 წელი
2019 წლიდან, Apple-ის სმარტფონების ნუმერაცია ორნიშნა რიცხვებში გადავიდა და თან, ეს იყო პირველი წელი, როცა საწარმოო ხაზში, კომპანიამ Pro და Pro Max მოდელები შემოიტანა - ტერმინოლოგია, რომელსაც Apple-ი დღემდე იყენებს.
iPhone X-ის მსგავსად, ახალი თაობის საბაზისო სმარტფონებსაც ორი კამერა ჰქონდათ, ხოლო Pro-სერიის მოდელებში, ეს რიცხვი სამამდე გაიზარდა. ცხადია, გაიზარდა ეკრანის ზომაც, ხოლო თავად ტელეფონი გაცილებით უფრო მძლავრი და ფერადი გახდა.
iPhone 12, iPhone 12 mini, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max - 2020 წელი
მომდევნო წლებში, დიდი ზომის Pro-მოდელებთან ერთად, Apple-მა მცირე ზომის mini სმარტფონების გამოუშვა, მაგრამ ამ იდეამ მხოლოდ ორი წელი გაძლო, რის შემდეგადაც კომპანიამ ის წარმოებიდან ამოიღო, რადგან Apple-ში მიხვდნენ, რომ ადამიანებს, პირიქით, უფრო დიდი სმარტფონები უნდათ.
iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max - 2021 წელი
აი, ასე მივედით ეპოქამდე, რომელიც მცირე მაგრამ მეთოდური ცვლილებებით გამოირჩევა. ტექნოლოგია, რომელსაც Apple-ი იყენებს, ისედაც პიკშია, შესაბამისად ცვლილებები, რომელთა შეტანა შეიძლება, მინიმალურია - აი, სწორედ ასე შეიძლება iPhone 12-ის და iPhone 13 შეფასება, რომელთა შემდეგ, 2022 წელს, Apple-მა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი - iPhone 14 წარადგინა, რომელშიც პირველად გამოჩნდა დინამიკური კუნძული.
iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max - 2022 წელი
iPhone 15, iPhone 15 Plus, iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max - 2023 წელი
ის, რაც შემდეგ მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. 2023 წლის სექტემბერში, პლანეტას iPhone 15 მოევლინა - ყველაზე მძლავრი, ჭკვიანი, დახვეწილი და გამძლე სმარტფონი, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია.
დინამიკურ კუნძულთან ერთად, დაიხვეწა iPhone-ის საბაზისო მოდელის ეკრანიც. კი, დისპლეი კვლავაც OLED Super Retina XDR-ია, მაგრამ გაორმაგდა მაქსიმალური სიკაშკაშე, რომელიც 2000 ნიტამდე გაიზარდა.
ამასთან, გაიზარდა უშუალოდ დისპლეის ზომა, რაც Apple-მა გვერდების კიდევ უფრო შეთხელებით მოახერხა. ეკრანს, ასევე, ზემოდან, გადაკრული აქვს კერამიკური ფირი, რაც ისედაც გამძლე ეკრანს კიდევ უფრო იცავს.