ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი გეგმავს, უახლოეს მომავალში მომხმარებლებს საშუალება მისცეს, iPhone, iPad, Mac და სხვა მოწყობილობები ტვინის სიგნალების, ანუ ფიქრის მეშვეობით მართონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამ ინოვაციური პროექტის საფუძველია პარტნიორობა ნეიროტექნოლოგიურ სტარტაპ Synchron-თან, რომელიც ახალი თაობის ნეირონულ ინტერფეისს, Stentrode-ს ქმნის. საწყის ეტაპზე, ეს მოწყობილობა გათვლილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლებზე, რომელთაც კიდურების გამოყენება არ შეუძლიათ და მოწყობილობებით სარგებლობისათვის ტვინის იმპლანტი სჭირდებათ.
Stentrode-ი ტვინში იმპლანტირდება არაინვაზიური გზით და ის თავსდება თავის ტვინის მოტორული ქერქის ზემოთ მდებარე სისხლძარღვში. მოწყობილობა შეიცავს 16 ელექტროდს, რომლებიც აფიქსირებენ ტვინის მოტორულ აქტივობას ქირურგიული ჩარევის გარეშე. ეს ნეიროსიგნალები შემდეგ გარდაიქმნება ციფრულ ბრძანებებად, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოწყობილობა ისე გამოიყენოს, როგორც მას მოესურვება.
2019 წლიდან Synchron-მა ეს იმპლანტი 10 მომხმარებელს წარმატებით უკვე ჩაუნერგა. ერთ-ერთი ტესტირების მონაწილე პენსილვანიაში მცხოვრები ALS-ით დაავადებული ადამიანია, რომელსაც ხელებისა და თითების გამოყენება არ შეუძლია, თუმცა ნეირენული ინტერფეისით ის უკვე იყენებს Apple Vision Pro-ს და სხვა Apple-ის მოწყობილობებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიქრის მეშვეობით. მართალია, ეს პროცესი ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ნელია, მაგრამ შედეგი მაინც შთამბეჭდავია.
უნდა აღინიშნოს, რომ Synchron-ის მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობს ილონ მასკის Neuralink-ი, რომელიც თითქმის ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ამ სტარტაპის მიერ შექმნილი ნეირონული ინტერფეისი უშუალოდ თავის ტვინზე იმპლანტირდება, რისთვისაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, თუმცა Neuralink-ის მეშვეობით გაცილებით მეტი რამის გაკეთება არის შესაძლებელი, ვიდრე ეს უბრალოდ iPhone-ის გაკონტროლებაა.




























