მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ის უახლეს რეკლამას კრიტიკა მოჰყვა - რატომ მოიხადა Apple-მა ბოდიში?

Apple-ის რეკლამა

გასულ კვირას, ამერიკულმა Apple-მა ახალი თაობის პლანშეტები და აქსესუარები წარმოადგინა. ახალი მოწყობილობების ჩამონათვალში აღმოჩნდა, როგორც Apple-ის საწარმოო ხაზში ყველაზე მძლავრი M4-პროცესორი, ასევე ახალი თაობის iPad Air-ი და OLED-დისპლეით აღჭურვილი iPad Pro, რომელიც Apple-ის ისტორიაში ყველაზე თხელი მოწყობილობაა, რომლის სისქე მხოლოდ და მხოლოდ 5.1 მილიმეტრია. ახალი პლანშეტის რევოლუციურ დიზაინს Apple-მა საინტერესო სარეკლამო რგოლი მიუძღვნა, რომელშიც მუსიკალური ინსტრუმენტები, ფუნჯები, საღებავები, გლობუსი, სახატავი დაფები და წიგნები ჰიდრავლიკურ პრესში მოაქცია და ამ ყველაფრიდან - ახალი iPad Pro გამოიყვანა.

აღნიშნული სარეკლამო რგოლის არსი მარტივია - Apple-ის ფლაგმანური პლანშეტი იმდენად მძლავრი და თხელია, ხოლო მისი დისპლეი იმდენად ღრმა და კაშკაშაა, რომ საბოლოო ჯამში, ახალი iPad Pro - ადამიანის უსაზღვრო კრეატიულობას იტევს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ ფიქრობს უშუალოდ კრეატიულ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი, რომელთაც Apple-ის ეს რეკლამა ღიად გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების, ფუნჯებისა და მსგავსი კრეატიული ხელსაწყოების განადგურებით, ამერიკულმა კომპანიამ კრეატიულობაც გაანადგურა. ზოგიერთი კრიტიკოსი, ცხადია, ამ არგუმენტს უფრო ფილოსოფიურად უდგება და ამბობს, რომ Apple-ის ვიდეორგოლი იმის სიმბოლოა, თუ როგორ ანგრევს ტექნოლოგია კრეატიულობას.

Apple-ის უახლესი ვიდეორგოლის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანია იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კომპანიამ ოფიციალურად ბოდიშიც კი მოიხადა. “კრეატიულობა Apple-ის გენეტიკური კოდის ნაწილია და ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მთელ მსოფლიოში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს გააძლიერებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ვიზეიმოთ ყველა ის მეთოდი, რომელსაც ადამიანები iPad-ის გამოყენებით საკუთარი შემოქმედებითი უნარის გამოსავლენად და იდეების რეალობად გადასაქცევად იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები