მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-მა აშშ-ში $500 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა

apple

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში 500 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

აღნიშნული პაკეტი ტეხასში ახალი ქარხნის მშენებლობას მოიცავს, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. კომპანიის განცხადებით, ჯამში 20,000 თანამშრომელი დასაქმდება, რომელთა უდიდესი ნაწილი კვლევასა და განვითარებაზე (R&D), პროგრამულ უზრუნველყოფასა და ხელოვნურ ინტელექტზე იქნება კონცენტრირებული.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომპანიის გენერალური დირექტორი ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ჩანს, ტიმ კუკმა და დონალდ ტრამპმა ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების გააქტიურების საკითხზე ისაუბრეს, რომლის შემდეგ, Apple-მა $500-მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც ცნობილია, ჰიუსტონში მოწყობილ ქარხანაში Apple Intelligence-ის მხარდასაჭერად საჭირო სერვერები აეწყობა, რომელთაც აქამდე აშშ-ის ფარგლებს გარეთ აწარმოებდნენ.

გარდა ამისა, Apple-ი აფართოებს მონაცემთა ცენტრებს ჩრდილოეთ კაროლინაში, აიოვაში, ორეგონში, არიზონაში და ნევადაში. ასევე, კომპანია აორმაგებს „ამერიკული წარმოების ფონდს“, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეიქმნა და მისი ბიუჯეტი 5 მილიარდიდან 10 მილიარდ დოლარამდე იზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპი ხშირად მოუწოდებდა ტექნოლოგიურ კომპანიებს, თავიანთი წარმოება აშშ-ში გადმოეტანათ და ჩინეთზე დამოკიდებულება შეემცირებინათ. ამ მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 10%-იანი სატარიფო რეჟიმი აამოქმედა, რაც Apple-ისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რადგან კომპანიას ჩინეთში ფართო საწარმოო ქსელი აქვს მოწყობილი.

აღნიშნული $500-მილიარდიანი ინვესტიციით, როგორც ჩანს, Apple-ის ხელმძღვანელობას დონალდ ტრამპის გულის მოგება და სატარიფო წნეხის შემსუბუქება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები