გლობალური საფონდო ბირჟებისთვის წლის მთავარი გეოპოლიტიკური მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო ინაუგურაციას უკავშირდება, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან სწორედ ამერიკის პრეზიდენტი განსაზღვრავს გლობალური ეკონომიკის ბედ-იღბალს.
არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ამერიკელმა ინვესტორებმა განსაკუთრებით დადებითად მიიღეს, კერძოდ, S&P 500-ის, Nasdaq-ის და Dow Jones-ის საფონდო ინდექსების ღირებულება ერთ კვირაში საშუალოდ 3%-ით გაიზარდა და ამერიკულმა ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, S&P 500-ის მაჩვენებელი 6,100 პუნქტს აღწევს, რაც ისტორიული პიკია.
ტრამპის არჩევის ფონზე, მსხვილი ამერიკული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია რამდენიმე ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ტრამპი, როგორც მანჰეტენელი ბიზნესმენი, კორპორაციული სექტორის და უოლ-სტრიტის მხარდამჭერია. მისი საარჩევნო დაპირება გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება და სატარიფო გეგმის ეროვნულ წარმოებაზე მორგებაა, რაც ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
ყველაზე პოზიტიურად ტრამპის გაპრეზიდენტებას კრიპტოაქტივების ინვესტორები შეხვდნენ, რადგან, როგორც იცით, ტრამპი პროკრიპტო პოლიტიკოსია. მისი გამარჯვების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ 108,000 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ბაზრის საერთო შეფასებამ 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბიტკოინთან ერთად, მკვეთრად არის გაძვირებული სხვა კრიპტოვალუტებიც, ზოგიერთ შემთხვევაში ფასის მატების მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.