მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი გლობალური ბირჟებისთვის?

ტრამპი

დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ეკონომიკურად ბევრი რამ შეიცვალა: დაწესდა სავაჭრო ტარიფები, ამოქმედდა ახალი სანქციები, რიგ ქვეყნებთან გაფორმდა ორმხრივი შეთანხმებები და აშშ-ის ეკონომიკაში მოზიდული იქნა რამდენიმე ტრილიონის მოცულობის ინვესტიცია.

საერთო ჯამში, ამ მოვლენების ფონზე, 1-წლიან პერიოდში ამერიკული ფლაგმანური ინდექსი S&P 500 თითქმის 15%-ით გაიზარდა, Nasdaq-მა 21.5%-იანი მატება დააფიქსირა, ხოლო Dow Jones-მა 10%-ით გაზრდა შეძლო.

ამავე პერიოდში ევროპული Stoxx 600 ინდექსი 15%-ით გაიზარდა, იაპონურმა Nikkei 225 Index-მა რეკორდული 34%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო ჩინურმა Shanghai Composite-მა 27%-ით გაძვირება შეძლო. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ტრამპის პერიოდში საუკეთესო შედეგი არა ამერიკულ, არამედ იაპონურ და ჩინურ კომპანიებს ჰქონდათ.

თუკი მხოლოდ ამერიკული საფონდო ბირჟის შედეგებს დავაკვირდებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი განსაკუთრებით პოზიტიური იყო, რადგან თითქმის ყოველმა მათგანმა ახალი რეკორდული მაქსიმუმის მიღწევა შეძლო.

რაც შეეხება მეტალების ბაზარს, ოქროს ფასი წლიურად 85%-ით, ხოლო ვერცხლის ღირებულება 265%-ით არის გაზრდილი, რაც ასევე ტრამპის გაპრეზიდენტებას და მის მიერ მიღებულ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

ენერგეტიკულ ბაზარზე ვითარება განსხვავებულია, რადგან ნავთობი წლიურად საშუალოდ 15%-ით არის გაიაფებული, რაც მიწოდების ზრდის პოლიტიკას უკავშირდება.

კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით ტრამპის ეფექტი ნეგატიურად შეიძლება შევაფასოთ, რადგან ბიტკოინი ამ ერთწლიან პერიოდში 17%-ით არის გაუფასურებული, ხოლო ეთერეიუმს 13%-იანი ვარდნა აქვს.

საერთო ჯამში, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წელი ტექნოლოგიური კომპანიების დომინაციის, აზიური ბაზრების გამოღვიძების და ძვირფასი მეტალების აღზევების პერიოდად შეგვიძლია შევაფასოთ.

ამ შედეგების ფონზე, ტრამპი პირობას დებს, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში ამერიკული საფონდო ბირჟა გაორმაგდება. თუ საბაზრო დინამიკა გასული წლის ტემპით გაგრძელდება, მაშინ 100%-იანი შედეგის დადებას დაახლოებით 5 წელიწადი დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები