აზიური და ევროპული საფონდო ინდექსების რეკორდული ზრდის ფონზე, ამერიკული ინდექსების და კომპანიების შეფასება ეცემა, რაც იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ კაპიტალი აშშ-ის ბაზრიდან სხვა ქვეყნებში გაედინება, რასაც უოლ-სტრიტზე "ინვესტორების მიგრაციას" ან "კაპიტალის როტაციას" უწოდებენ.
თავად ეს უჩვეულო პროცესი პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც გეგმავს, უზენაესი სასამართლოს მიერ მისი სატარიფო პოლიტიკის გაუქმების საპასუხოდ, კიდევ უფრო მეტად გაამკაცროს გლობალური სავაჭრო პოლიტიკა და ახალი გზებით დააწესოს გადასახადები.
ამ შემთხვევაში, ამერიკული ბაზრიდან ინვესტორების გაქცევის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ თავად ტარიფები, არამედ მათ ირგვლივ შექმნილი სამართლებრივი გაურკვევლობაა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს არ აქვს ერთპიროვნული უფლება დააწესოს გადასახადები IEEPA-ს ფარგლებში, ადმინისტრაციამ 1974 წლის სავაჭრო აქტის სხვა მუხლების გამოყენება დაიწყო, რამაც მუდმივი იურიდიული ბრძოლის რისკი შექმნა, რადგან, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილებაც მომავალში უზენაესმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს.
თავად ახალი გადაწყვეტილება მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის 15%-იანი საბაზისო გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს, თუმცა ძალაში ჯერჯერობით მხოლოდ 10%-იანი სატარიფო გადასახადია შესული, რომელიც, ტრამპის თქმით, დამატებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, რაც კანონით დადგენილი მაქსიმუმია. აღსანიშნავია, რომ 1974 წლის სავაჭრო აქტის ფარგლებში, პრეზიდენტს ტარიფების მეტად გაზრდა არ შეუძლია და თანაც ამ ტიპის გადასახადი მხოლოდ 150 დღით შეიძლება იქნეს ძალაში, ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით, მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, განსაზღვრულია 10%-იანი სატარიფო გადასახადი, რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეში 15%-მდე გაიზრდება. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ მალე კონგრესში ახალ კანონპროექტს წარადგენს, რომელიც სატარიფო პოლიტიკას კიდევ არაერთხელ ფუნდამენტურად შეცვლის.
ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, ის უფრო მკაცრი იქნება და ტარიფები არათუ გაუქმდება, რამედ უფრო მეტად გაიზრდება.
ეს მოცემულობა სრულ სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის, კაპიტალი კი სიმშვიდესა და პროგნოზირებადობას ეძებს, ამიტომ ტრამპის ეკონომიკური ტაქტიკა ბაზარს პოლიტიკურ ექსპერიმენტად აქცევს, სადაც სოციალურ ქსელში ერთი პოსტი შეიძლება მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების გაუფასურების მიზეზი გახდეს ან ახალი სავაჭრო ომის დაწყების.
გარდა ამისა, ინვესტორები უფრთხიან საპასუხო ზომებს გლობალური მოთამაშეებისგან. ევროკავშირისა და ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი კონტრ-ტარიფები საფრთხეს უქმნის ამერიკული კომპანიების საქმიანობას საზღვარგარეთ. ამას ემატება დოლარის ინდექსის ვარდნა ოთხწლიან მინიმუმამდე, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის ამერიკულ აქციებსა და ობლიგაციებში ინვესტირების მიმზიდველობას ამცირებს.
ამ ყველაფრის შედეგად, კაპიტალი მიედინება უფრო სტაბილურ ბაზრებზე ან ალტერნატიულ აქტივებში, მაგალითად, ოქროში, რომლის ფასიც ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ამერიკულ ბაზარზე არსებული ვითარება უჩვეულოა, რადგან თავად ამერიკული კომპანიები რეკორდულ შემოსავლებს იღებენ, სწრაფად იზრდებიან და AI-რევოლუციის სათავეში არიან, თუმცა ზოგჯერ ინვესტორებს ფინანსურ შედეგებზე მეტად გეოპოლიტიკური ვითარება აღელვებთ, რომელიც ამჟამად სახარბიელო ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით ირანის წინააღმდეგ პოტენციურად სამხედრო კონფლიქტის დაწყების ფონზე.




























