გასულ კვირას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას ტარიფები დაუწესა, რამაც გლობალურ ბირჟებზე განთავსებული აქტივები მყისიერად გააუფასურა.
თუმცა ის, რასაც საფონდო და სასაქონლო ბირჟებზე ვხვდებით, უმეტესწილად, მოკლევადიანი შედეგია, რადგან ტარიფების გრძელვადიანი შედეგები მხოლოდ კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ, ორგანიზაციების შემოსავალზე და წმინდა მოგებაზე აისახება, რასაც კომპანიების ფინანსურ დოკუმენტებში ვნახავთ.
გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფი არის გადასახადი, რომელსაც ერთი ქვეყანა მეორეს უწესებს, სატარიფო პოლიტიკა, როგორც წესი, ორივე მიმართულებით მკაცრდება, რაც ფასების დონეს ზრდის არამხოლოდ ამ ორ ქვეყანაში, არამედ გლობალურადაც. ფასების ზრდის ფონზე, შესაძლოა, შემცირდეს კომპანიების შემოსავალი და წმინდა მოგების მარჟა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ მარტივ ეკონომიკას კომპანიებიც ხვდებიან, რომლებიც ტარიფებისთვის წინასწარ ემზადებიან.
ამ ტენდენციას არც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია ჩამორჩა, რომელმაც ტარიფების დაწესებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინდოეთიდან iPhone-ებით და სხვა პროდუქტებით აღვსილი ხუთი თვითმფრინავი გამოგზავნა. როგორც ჩანს, ინდოეთთან ერთად, Apple-მა მარაგები ჩინეთიდანაც გამოიტანა, რომელსაც დონალდ ტრამპმა ყველაზე მკაცრი ტარიფები დაუწესა. ამრიგად, ამერიკის შეერთბულ შტატებში პროდუქციის დარეგისტრირებას Apple-ი უფრო ადრე შეძლებს, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ინდოეთი იაფი მუშახელითაა გამორჩეული, რის გამოც, ბოლო წლებში, Apple-მა იქ არაერთი საწარმო გახსნა. ამ გზით, ტიმ კუკი და კომპანია წარმოების დივერსიფიკაციას ცდილობენ, რადგან, როგორც დრომ აჩვენა, ჩინეთზე დამოკიდებულება დიდი რისკის შემცველია, როგორც უშუალოდ კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. თუ ტარიფები არ გაუქმდა და Apple-მა წარმოების უდიდესი ნაწილი ინდოეთში გადაიტანა, კომპანია უკეთესი საგადასახადო პირობებით ისარგებლებს, რადგან დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფი ერთბაშად 28 პროცენტული პუნქტით უფრო დაბალია.