მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Apple-ს "ნახშირბად-ნეიტრალური" საათების გამო უჩივიან

apple watch

"ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს მომხმარებლები სასამართლოში უჩივიან - მიზეზი კომპანიის "ნახშირბად-ნეიტრალური" სმარტ-საათებია, რომლებიც, სარჩელის თანახმად, ეკომეგობრული საერთოდ არ არის და Apple-ს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს", - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, Apple Watch Series 9, SE-სა და Ultra 2-ის მყიდველები აცხადებენ, რომ ტექნიკას არ შეიძენდნენ, თუ წინასწარ ეცოდინებოდათ, რომ Apple-მა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა საათების წარმოების შესახებ.

2023 წლის სექტემბერში, როდესაც Apple-მა ახალი საათები წარადგინა, კომპანია პრეზენტაციაში აღნიშნავდა, რომ ახალი მოდელების წარმოებისას ნაკლები ემისია გამოიყოფოდა, თუმცა მოსარჩლეები ამტკიცებენ, რომ პროექტებმა, რომელთა განხორციელებითაც Apple ნახშირბადის ემისიების შემცირებას ვარაუდობდა, რეალური შედეგები ვერ მოიტანეს.

სარჩელში მოყვანილია საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის კვლევა, რომლის თანახმადაც ამერიკელი და კანადელი მომხმარებლების 70%-სთვის მდგრადობა და გარემოსდაცვითი პრაქტიკები მნიშვნელოვანია, როდესაც ახალი ნივთის შეძენას განიხილავენ.

საპასუხო განცხადებაში Apple-ს სასამართლო დავაზე არ უსაუბრია, თუმცა კომპანიამ აღნიშნა, რომ სათბურის აირების შესამცირებლად მათი ძალისხმევა რეალური და სანდოა.

"Apple Watch-ის წარმოებაში ემისიები დრამატულად, 75%-ით შევამცირეთ და მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ ისეთ პროექტებში, რომლებიც ჰაერის ასობით ათასი ტონა ნახშირბადისგან გაწმენდას ითვალისწინებს. ჩვენს საქმიანობაზე დეტალები ნებისმიერი მომხმარებლისთვის გამჭვირვალეა", - ნათქვამია განცხადებაში.

სარჩელის ავტორები Apple-სგან განუსაზღვრელი ზარალის ანაზღაურებასა და Apple-ის საათების "ნახშირბად-ნეიტრალური" იარლიყით გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები