Apple თანახმაა, $95 მილიონი გადაიხადოს სასამართლო დავის გადასაჭრელად, რომლის თანახმადაც, კომპანიის ვირტუალური პერსონალური ასისტენტი Siri მომხმარებლის კონფიდენციალურობის უფლებას არღვევს. შესაბამისი განცხადება Apple-მა უკვე შეიტანა ფედერალურ სასამართლოში და მას მხოლოდ მოსამართლე ჯეფრი ვაითის დადასტურება სჭირდება.
საქმე ისაა, რომ Apple-ის მომხმარებლების ცნობით, მათი მოწყობილობები რუტინულად იწერს მფლობელის კერძო საუბრებს მას შემდეგ, რაც ისინი შემთხვევით და უნებლიეთ ააქტიურებენ Siri-ის ფუნქციას, შემდეგ კი "მოსმენილ" ინფორმაციას მესამე პირზე, მაგალითად, სარეკლამო კომპანიებზე გასცემს.
ხმოვანი ასისტენტი, როგორც წესი, მომხმარებლის მიერ კონკრეტული ფრაზის "Hey Siri" გაგონების შემდეგ აქტიურდება. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ კერძო საუბრებში ფეხსაცმლის კონკრეტული ბრენდის, ან რომელიმე რესტორნის ხსენებისას, მათ სოციალურ ქსელებში სწორედ ამ ბრენდებისა და ქსელების რეკლამები ხვდებათ.
Apple დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა დავის მოსაგვარებლად კომპენსაციის გადახდაზე თანახმაა - იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ჯეფრი ვაითი შეთანხმებას დაადასტურებს, Apple-ის ათობით მილიონი მომხმარებელი Siri-სთან დაკავშირებულ თითოეულ მოწყობილობაზე, სავარაუდოდ, $20-ს მიიღებს.
ანალოგიური სარჩელის განხილვა იმავე სასამართლოში Google-ის მოწყობილობების მომხმარებლების სასარგებლოდ, Google-ის ხმოვანი ასისტენტის გარშემოც მიმდინარეობს.