მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ Apple-ს კომერციული საიდუმლოების მოპარვისთვის უჩივლა

apple vs openai

27 ნოემბერს OpenAI-მ Apple-ს სასამართლოში უჩივლა და ტექნოლოგიური გიგანტი კომერციული საიდუმლოების მოპარვასა და აპარატურის მომწოდებლებზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რათა მათ OpenAI-ის მომავალ მოწყობილობებზე თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ.

ამას წინ OpenAI-ის წინააღმდეგ Apple-ის სარჩელი უძღოდა, სადაც ის კომპანიას ტექნოლოგიებზე წვდომის მიზნით თანამშრომლების გადაბირებაში სდებდა ბრალს.

ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ ფედერალურ სასამართლოში შემხვედრი სარჩელი შეიტანა, სადაც აღნიშნულია, რომ Apple-ის პოლიტიკა თანამშრომლების "ხაფანგში მომწყვდევასა" და კონკურენტების ტექნოლოგიებზე მუშაობის შეფერხებაზე იყო გათვლილი.

OpenAI-ის განცხადებით, Apple-მა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა იმ ყოფილი თანამშრომლის უკან დაბრუნებით მოიპოვა, რომელიც OpenAI-ში ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში აღნიშნულმა თანამშრომელმა წვდომა მიიღო ახალი მოწყობილობის დეტალურ მონაცემებსა და OpenAI-ის სამომავლო ტექნიკური პროდუქტების განვითარების გეგმაზე.

"მოვლენათა ქრონოლოგიის გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ OpenAI-ში მისი დასაქმების თავდაპირველი მიზეზი სწორედ ამ დოკუმენტების მოპარვა შეიძლებოდა ყოფილიყო", - აცხადებს OpenAI.

Apple-მა უარყო ხელახლა დასაქმებული თანამშრომლის მეშვეობით OpenAI-ის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის ფაქტი, ისევე როგორც ბრალდება, რომ AI-მოწყობილობების წარმოებაში კონკურენციის ჩახშობას ცდილობს.

"OpenAI-ის შემხვედრი სარჩელი აშკარა მცდელობაა, ყურადღება Apple-ის სარჩელის არსიდან გადაიტანოს", - აღნიშნულია Apple-ის პარასკევის განცხადებაში.

ორ ტექნოლოგიურ კომპანიას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შექმნის მზარდმა რბოლამ ტალანტებისა და საკუთრების უფლებით დაცული ტექნოლოგიებისთვის ბრძოლა გააძლიერა.

Apple-მა OpenAI-ს, ასევე კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს - ტანგ ტანსა და ჩანგ ლიუს ივლისში უჩივლა, რითაც ისინი კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა ChatGPT-ის მფლობელის სამომხმარებლო აპარატურის სეგმენტში შესვლის სასარგებლოდ. ტანი, რომელიც Apple-ში 24 წლის განმავლობაში მუშაობდა და iPhone-ისა და Apple Watch-ის პროდუქტის დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი იყო, იმ ჯგუფის წევრი გახლდათ, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების სტარტაპი "io Products" შექმნა, სანამ მას 2025 წელს OpenAI შეიძენდა.

OpenAI-მ და თანამშრომლებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ Apple-ის სარჩელი ეფუძნება ლიუს პირადი შეტყობინებების უკანონო თვალთვალს მას შემდეგ, რაც მან Apple-ში მუშაობა შეწყვიტა.

OpenAI-ის მონაცემებით, დღემდე Apple-იდან OpenAI-ში 400 თანამშრომელი გადავიდა, Apple-ს კი სხვა თანამშრომლების დაშინება სურს, რათა მათ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებში გადასვლა გადაიფიქრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები