მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple ვირტუალური ასისტენტის, Siri-სთვის Google-ის Gemini-ს მოდელებს გამოიყენებს

google siri

მრავალწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, Apple განახლებული ვირტუალური ასისტენტის, Siri-სთვის Google-ის Gemini-ს მოდელებს გამოიყენებს. სიახლე მიმდინარე წლის ბოლოს ჩაეშვება, ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ალიანსს გააღრმავებს და OpenAI-სთან რბოლაში Alphabet-ს პოზიციების გამყარებაში დაეხმარება - წერს Reuters.

დაანონსებული გარიგება Google-ისთვის ნდობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა. მართალია, მისი ტექნოლოგია Samsung-ის "Galaxy AI"-ს უკვე უზრუნველყოფს, მაგრამ Siri-სთან შეთანხმება უზარმაზარ ბაზარს ხსნის, რადგან Apple-ს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მოწყობილობა აქვს.

"გულდასმით შეფასების შემდეგ, Apple-მა დაადგინა, რომ Google-ის AI ტექნოლოგია Apple-ის საბაზისო მოდელებისთვის ყველაზე ძლიერ საფუძველს უზრუნველყოფს", - აცხადებენ Google-ში და დასძენენ, რომ მათი მოდელები Apple Intelligence-ის სხვა სამომავლო ფუნქციებსაც აამუშავებს.

Alphabet-ი Apple-თან გარიგებისთვის OpenAI-ს ეპაექრებოდა. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გასაჯაროებულა.

iPhone-ის მწარმოებელმა თავის მოწყობილობებში ChatGPT 2024 წლის ბოლოს ჩაუშვა, რამაც კომპანიის ხმოვან ასისტენტს, Siri-ს საშუალება მისცა, რთული კითხვებისთვის პასუხის გასაცემად ჩატბოტის რესურსი გამოეყენებინა. Apple-ში აცხადებენ, რომ ChatGPT-ის ინტეგრაციაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

12 იანვარს შემდგარი ალიანსი, სავარაუდოდ, Apple-სა და OpenAI-ს პარტნიორობასთან დაკავშირებით კითხვებს გააჩენს.

"Siri-სთვის Google-ის Gemini-ს მოდელების გამოყენების შესახებ Apple-ის გადაწყვეტილება OpenAI-ს უფრო მეორეხარისხოვან, დამხმარე როლში გადაიყვანს; ChatGPT დარჩება რთული, არჩევითი მოთხოვნებისთვის და არა როგორც მთავარი ინტელექტუალური ფენა", - განაცხადა Equisights Research-ის დირექტორმა, პარტ ტალსანიამ.

Google-მა ყველა რესურსი აამოქმედა, რათა დაეძლია OpenAI-ს საწყისი ლიდერობა ინდუსტრიაში, რისთვისაც მოწინავე მოდელებზე, ასევე გამოსახულებისა და ვიდეოს გენერირებაზე მუშაობა გააორმაგა.

AI მიმართულებით Apple-მა არაერთი მარცხი განიცადა: რბოლაში დაგვიანებით ჩაერთო, Siri-ს განახლება შეფერხდა, შეიცვალნენ უმაღლესი რგოლის მენეჯერები, გენერაციული AI ინსტრუმენტების პირველად ჩაშვებას კი სუსტი გამოხმაურება მოჰყვა.

უახლესი შეთანხმება წლების განმავლობაში არსებულ პარტნიორობას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, Google Apple-ის მოწყობილობებზე მთავარი საძიებო სისტემაა. ეს მოგებიანი გარიგება Google-ს ტრაფიკს მატებს, Apple-ს კი წლიურად ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს უნარჩუნებს.

გარიგების შესახებ ცნობებმა ორშაბათს Alphabet-ის საბაზრო ღირებულებას 4 ტრილიონ დოლარზე მეტის მიღწევაში შეუწყო ხელი. ინვესტორთა ოპტიმიზმის ფონზე, გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი 65%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები