მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა აღნიშნა, მოქმედი ტარიფი 14 წლის წინ იყო დადგენილი და ვეღარ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს.
„საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი ეფუძნება რეალურ საოპერაციო ხარჯებს და არ მოიცავს კაპიტალურსა თუ მიმდინარე დანახარჯებს, რადგან მათ სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ტარიფის ცვლილებამდე სარწყავი წყლის საფასური ჰექტარზე 75 ლარი იყო, თუმცა დარჩენილ ნაწილს მაშინაც სახელმწიფო აფინანსებდა.
მიღებული განკარგულებით, განისაზღვრა არა ერთჯერადი მორწყვის, არამედ ერთი კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებისთვის 0.0826 ლარს შეადგენს. ამ გათვლით, ერთი მორწყვის ციკლის ღირებულება 116.5 ლარია. ერთწლოვანი კულტურებისთვის 4 მორწყვის ოპერაციის საფასური ჯამურად შეადგენს 466 ლარს, საიდანაც 349 ლარს სახელმწიფო აფინანსებს, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 408 ლარს, საიდანაც 306 ლარი სუბსიდირდება. შედეგად, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
ახალი ტარიფებით ერთი მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.
დადგენილებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების ერთი მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.
ვრცლად ამ თემაზე: ირიგაციის ტარიფი გაძვირდა - რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სარწყავი წყლის გადასახადს?




























