მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილიდან საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ეყოლება

საქართველოს საელჩო

1 აპრილიდან საქართველოს თურქეთში, შვეიცარიასა და კუბაში ახალი ელჩები ეყოლება. კანდიდატების „ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე ირაკლი კობახიძემ შესაბამისი განკარგულებები გამოსცა.

კერძოდ, თურქეთში ელჩად მთავრობა არჩილ კალანდიას ნიშნავს, შვეიცარიაში - შოთა გეწაძეს, კუბაში კი - გრიგოლ ბარამიძეს.

არჩილ კალანდია 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. შოთა გეწაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო, რომელმაც ეს თანამდებობა 2023 წელს დატოვა. ჯერ კიდევ მაშინ ცნობილი გახდა, რომ გეწაძე შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას დაიკავებდა.

ცნობისთვის, თურქეთში საქართველოს ელჩი გასული წლის 1 ივნისამდე გიორგი ჯანჯღავა იყო, რომელიც ამჯერად „ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაგზავნა ელჩად. შვეიცარიაში კი გასული წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ელჩის პოზიციას რევაზ ლომინაძე იკავებდა. მისი გათავისუფლების განკარგულება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 26 აგვისტოს გამოსცა.

2025 წლის 1 ივნისიდან როტაციის წესით ვადის ამოწურვის შედეგად, თანამდებობას დატოვებს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში - ზურაბ პატარიძეც.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მთავრობამ ელჩები დანიშნა ბელარუსსა და ავსტრიაშიც.

ამ დრომდე რიგ ქვეყნებში საქართველოს ელჩის პოზიცია ვაკანტურია. მათ შორისაა აშშ-იც, სადაც საქართველოს ელჩის პოსტი დავით ზალკალიანმა გასული წლის ბოლოს დატოვა.

საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

Bm.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გასული წლის დეკემბერში იმ ქვეყნების სია გამოითხოვა, რომლებშიც საქართველოს ელჩი ჰყავს დასანიშნი, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები