მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილიდან სოფლის განვითარების აგროპროგრამები თვისებრივად განახლდება - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აპრილიდან სოფლის განვითარების სააგენტოს აგროპროგრამები განახლდება. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ეკონომიკური ტენდენციებიდან გამომდინარე აგრობიზნესი არამხოლოდ ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, არამედ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასაქმების ზრდაში, სოფლად განვითარების გაძლიერებასა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„სწორედ ამიტომ აგრარული დარგის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები. განვითარდა გადამმუშავებელი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა და სექტორში ინვესტიციები გაიზარდა, რამაც ქვეყანაში ეკონომიკურ გაჯანსაღებას შეუწყო ხელი.

ვფიქრობ, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებით დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად საშუალოდ, 8%-ით იზრდება. 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 18 მილიარდი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტიც, გასულ წელს მსოფლიოს 110 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული - 1.8 მლრდ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია.

საქართველოში აგროპროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შინამეურნეობებში იწარმოება, სადაც პროდუქტიულობა ჩამორჩება თანამედროვე კომერციულ წარმოებას. პროდუქტიულობის ზრდა კი შეუძლებელია ტექნოლოგიების და შესაბამისი ცოდნის გარეშე.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სექტორის მომავალი დიდწილად დამოკიდებულია პარტნირობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე ვიწყებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას - სოფლის განვითარების სააგენტოს კარდინალური ცვლილებებით აპრილიდან ჩვენი ფერმერებისა და დაინტერესებული ბენეფიციარებისთვის გამოცხადდება სასოფლო-სამეურნეო პროგრამების თვისობრივად ახალი პროგრამები. ეს იქნება შედეგზე და პროდუქტიულობაზე ორიენტირებული, აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემებით თანმხლები, ცოდნის გაძლიერებაზე დაფუძნებული პროგრამები, რომელიც სრულად იქნება მორგებული ფერმერების საჭიროებებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები