"თიბისი კაპიტალის" ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, "თიბისის" არხებით ტურისტებისა და მიგრანტების ხარჯები, მაისის ჩათვლით პერიოდში წინა თვეებთან შედარებით და სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით რაიმე გამოკვეთილი შემცირების ტენდენციით არ ხასიათდება. წლიურ ჭრილში კი კვლავ მნიშვნელოვანი ზრდაა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ ჯავშნების გაუქმებაზე, თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.
"დაახლოებით ანალოგიური ტენდენცია იკვეთება „ტავ ჯორჯიას“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის დინამიკაზე დაყრდნობით. კერძოდ, ჩამოსვლების მაჩვენებელი 1-20 მაისს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 45.6%-ით არის გაზრდილი. თავისთავად გასათვალისწინებელია, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის გარკვეული გზავნილები ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. თუმცა ფაქტია, რომ საბაზო მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მთლიანობაში წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება. ამასთან, 20 მაისის მდგომარეობით, კვლავ იკვეთება ლართან მიმართებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა, რაც ლარის კურსზე ზემოქმედების კუთხით ტრადიციულად ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია",- აღნიშნულია ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.
"თიბისი კაპიტალი" მიუთითებს, რომ პროგნოზების ნაწილში, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიხილავს, ვინაიდან ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია.
"სხვა განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით, აღსანიშნავია, რომ სრული 2024 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ 6.4%-იან საბაზო სცენართან შედარებით, აპრილის ეკონომიკის ზრდის წინასწარი შეფასება, ისევე როგორც პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები, მოლოდინებზე მაღალია.
მთლიანობაში, იმ არგუმენტით რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემები მოლოდინებზე მაღალია, პროგნოზების კუთხით, ლარის კურსის ჩათვლით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განვიხილავთ. ამასთან, ამ მხრივ საყურადღებოა, რომ ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კუთხით, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება, სენტიმენტების ჩათვლით, ადრე პოზიტიური იყო. თუმცა, ეს არა ლარის გამყარებას, არამედ სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების დამატებით შევსებას ითვალისწინებდა. სადღეისოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი არაა ნეგატიური, თუმცა უფრო ნეიტრალურია, რაც საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვების გაყიდვასაც ითვალისწინებს. ასევე, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია რეგიონული ვალუტების დინამიკაც. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით, მომდევნო წლებში ჩვენი საბაზო სცენარი კვლავ ევროს გამყარებაა",- წერია მიმოხილვაში.