საქორწილო მომსახურების ცენტრის DRESSCODE-ის ინფორმაციით, აპრილის წინასწარი ჯავშნები თითქმის სრულად შევსებულია. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ხათუნა დოჭვირმა, წინასწარ ჯავშნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა და საქორწილო მომსახურებაზე მოთხოვნა გაცილებით ადრე ყალიბდება.
„დღეს წინასწარი ჯავშნების მიღება საშუალოდ 6 თვით ადრე იწყება. მაგალითად, ამ ეტაპზე აპრილის ჯავშნები უკვე თითქმის სრულად შევსებულია“, – აღნიშნავს დოჭვირი.
კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, 2025 წელი, 2024 წელთან შედარებით, გაცილებით წარმატებული იყო. მომხმარებელთა ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა, რაც გაყიდვებზეც აისახა.
„2025 წელი ბევრად სჯობდა 2024-ს. ძალიან აქტიური წელი იყო, ალბათ საუკეთესო, რაც კი გვქონია, და წინა წელთან შედარებით მინიმუმ 30%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ,“ – აცხადებს ხათუნა დოჭვირი და დასძენს, რომ გაზრდილი ხარჯების მიუხედავად, ფასები არ დაუკორექტირებიათ.
მისივე ინფორმაციით, საქორწილო კაბის ქირის ფასი 500 ლარიდან 2 000 ლარამდე, ხოლო შეძენის ფასი 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობს და კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული. მოთხოვნა მაღალი იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან.
„ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავდა ისრაელიდან, ასევე აქტიური იყო ირანი და იტალია. ინდოელი მომხმარებლების წილი მინიმალური იყო“, – აცხადებს დოჭვირი.
კომპანიის მონაცემებით, გაყიდვების სტრუქტურაში ქართველი მომხმარებლების წილი 70%-ს, ხოლო უცხოელების - 30%-ს შეადგენს. ამასთან, გასულ წელს მკაფიოდ გამოიკვეთა მომხმარებელთა გაზრდილი მსყიდველუნარიანობაც.
DRESSCODE-მა გასულ წელს არსებული სივრცე სრულად განაახლა. ბათუმში ფილიალის გახსნის გეგმა კი დროებით გადაიდო.
"თბილისში უკვე კარგად იციან, რომ DRESSCODE აქ ოპერირებს და მომხმარებლები თავად ჩამოდიან. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ერთი ფილიალითაც შევძელით", – განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, კომპანიას მიღებული აქვს მოწვევები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის გერმანიიდან, საერთაშორისო გამოფენებსა და Fashion week-ზე მონაწილეობის მისაღებად.
„საერთაშორისო მიმართულებით ბევრი შემოთავაზება გვაქვს და დაგეგმილია, რომ სხვადასხვა გამოფენასა და მოდის კვირეულში მივიღოთ მონაწილეობა“, – აცხადებს DRESSCODE-ის დამფუძნებელი.




























