მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილმა წინა წელს ვერ აჯობა, თუმცა მაისში კარგი მოლოდინები გვაქვს - "აფიშა"

აფიშა

სასტუმროს „აფიშა“ დირექტორი ქეთი ნადარეიშვილი BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ მიმდინარე ტურისტულ ტენდენციებზე საუბრისას ამბობს, რომ 2026 წლის აპრილი შემოსავლების კუთხით წინა წელთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა და პირველად მოხდა, რომ თვემ გასული წლის მაჩვენებელი ვერ გააუმჯობესა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, სეზონი მაინც ნელ-ნელა აქტიურდება და მაისის მიმართ პოზიტიური მოლოდინებია.

"მაისში კარგი მოლოდინები გვაქვს, თუმცა წლევანდელი აპრილი გასულ წელთან შედარებით შემოსავლების კუთხით უფრო სუსტი შედეგებით გამოირჩევა. ჩვენ გახსნის დღიდან თვეებს ერთმანეთს ვადარებთ - უკვე წელიწად-ნახევარია გასული. აქედან გამომდინარე, პირველად მოხდა, რომ აპრილის თვემ გასული წლის მაჩვენებელს ვერ აჯობა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ფაქტორებმა, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ, პირდაპირ იმოქმედა ჯავშნებზე და რამდენიმე ევროპული ჯგუფის გაუქმებაც გამოიწვია.

„[ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე] სამწუხაროდ, გაგვიუქმდა ჯგუფები ევროპიდან. ჩვენს სასტუმროს, ძირითადად ევროპელი ტურისტებისთვის ირჩევენ. გაგვიუქმდა ესპანეთი, გერმანიის ტურისტული ჯგუფები. თუმცა, მაისში ძალიან კარგი მდგომარეობაა. ახლა რომ ვუყურებ ჯავშნებს, ბევრად აჭარბებს გასული წლის იგივე პერიოდს, მაისშიც და ივნისშიც.

ივლისი, აგვისტო და სექტემბერიც იჯავშნება, თუმცა ჯერ ისეთი აქტიურობით არა, როგორც ახლანდელი პერიოდი, რადგან ადამიანები მაინც უფრო მაისის დღესასწაულებსა და არდადეგებს გეგმავენ. მიუხედავად ამისა, რასაც ვხედავთ, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უკვე ერთნაირად არის დატვირთული, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ანუ ჯავშნები სამივე თვეზე თანაბრად ნაწილდება, რაც ძალიან კარგია. გამოდის, რომ სექტემბერიც მაღალი სეზონი იქნება წესით და ოქტომბერიც მაღალი სეზონი იქნება, როგორც გასულ წელს იყო“, - აცხადებს ნადარეიშვილი.

მისი თქმით, სექტორი ადაპტაციის ეტაპზეა და მიუხედავად გამოწვევებისა, მოთხოვნა ნელ-ნელა სტაბილურდება, რასაც ხელს ფრენების ნაწილობრივი დასტაბილურებაც უწყობს.

"ადაპტაცია ნამდვილად მიმდინარეობს. მიუხედავად ყველაფრისა, შემოდის ჯგუფური ჯავშნებიც. როგორც ჩანს, ფრენებიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, რადგან საწყის ეტაპზე ბევრი ფრენა გაუქმდა, ბილეთების ფასებმაც მნიშვნელოვნად მოიმატა და ეს ყველაფერი ტურიზმზე პირდაპირ აისახა. ახლა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებმა გარკვეულწილად ადაპტაცია მოახდინეს და დარწმუნდნენ, რომ ჩვენი მიმართულება უსაფრთხოა, ჯავშნები უკვე აქტიურად შემოდის",- ამბობს ის.

ნადარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ტურიზმი ძალიან მგრძნობიარე სფეროა და მასზე როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ეკონომიკური ფაქტორები ერთდროულად მოქმედებს. მისი თქმით, კომპანიაში ცდილობენ ფასების ზრდა მაქსიმალურად თავიდან აიცილონ, რადგან მომხმარებლის გადახდისუნარიანობა არ იზრდება, ზოგიერთ სეგმენტში კი შემცირებულია კიდეც.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავზარდოთ ფასები, იმიტომ რომ მომხმარებლის გადახდისუნარიანობაც ხომ არ იზრდება, არა? პირიქით, რასაც მე ვაკვირდები, შემცირებული არის მომხმარებლების რაოდენობა. მაგალითად, გასტრონომიის კუთხით თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობის საშუალო ჩეკის თანხაც შემცირებულია და აქედან გამომდინარე, ფასს ასე ვერ გაზრდი. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ ოპტიმიზაციას. შესყიდვების სისტემა მთლიანად შევცვალეთ გასულ წელს და ყველაზე შეღავათიანი გზა ვიპოვეთ შესყიდვების კუთხით, რომ დაგველაგებინა. მოკლედ, ყოველ დღე ვფიქრობთ იმაზე, სად შეიძლება რაღაცის ოპტიმიზაცია მოვახდინოთ ისე, რომ ხარისხზე არ იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები