კურორტ საირმეში მდებარე სასტუმრო-კოტეჯების კომპლექსი Sairme Glampings-ი, რომელიც უკვე ორი წელია ოპერირებს, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ემზადება. კომპლექსის შექმნის ისტორიაზე, ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე bm.ge-ს ობიექტის დამფუძნებელი, ვილი თუთაშვილი ესაუბრა.
როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, Sairme Glampings-ი კერძო ინვესტიციით შეიქმნა და მისთვის მხოლოდ ბიზნესპროექტს არ წარმოადგენს, რადგან ადგილთან განსაკუთრებული ისტორიული და პირადი კავშირი აქვს.
"მე ამ ადგილას ჩემი ოჯახის ისტორიის მიხედვით უკვე მეათე თაობას წარმოვადგენ, ამიტომ საირმესთან კავშირი წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. სწორედ ამ ისტორიულ კავშირს დავუმატე თანამედროვე ხედვა და შევქმენი სივრცე, სადაც საირმის უნიკალური ბუნება, სიმშვიდე და ისტორიული გარემო თანამედროვე კომფორტთან არის შერწყმული. ინვესტირება პირველ რიგში ხარისხში, სტუმრის კომფორტსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩაიდო, რაც ეტაპობრივად დღესაც გრძელდება", - განაცხადა ვილი თუთაშვილმა.
დღეისათვის Sairme Glampings-ი დამსვენებლებს სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს სთავაზობს: ორადგილიან სასტუმროს ტიპის ოთახებს ტერასით, ნომერს ჯაკუზით და 4 ადამიანზე გათვლილ კოტეჯის სტილის გლემპინგებს ცხელი კასრითა და გარე ავეჯით.
ტერიტორიაზე მოწყობილია ბარ-რესტორანი ბუხრით, BBQ სივრცე და გასართობი ზონაც. დამფუძნებლის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ დიდი ტერასის მქონე სივრცეებსა და გარე ცხელი აბაზანით აღჭურვილ გლემპინგებზეა.
რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, ვილი თუთაშვილის შეფასებით, ობიექტი საკმაოდ დატვირთული იყო, განსაკუთრებით შაბათ-კვირას, თუმცა გასულ წელთან შედარებით ტურისტული ნაკადის გარკვეული კლება შეინიშნებოდა, რაც ზოგადად ტურისტულ სექტორში არსებულ საერთო ტენდენციას ასახავდა. კომპლექსს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურები სტუმრობენ.
ბიზნესის მთავარ გამოწვევად დამფუძნებელი კვალიფიციური კადრების მოძიებასა და მომსახურების მაღალი სტანდარტის მუდმივ შენარჩუნებას ასახელებს, რასაც გლემპინგის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტექნიკური ინფრასტრუქტურის უწყვეტი მართვაც ემატება.
გამოწვევების მიუხედავად, Sairme Glampings-ში შემოდგომა-ზამთრის სეზონს პოზიტიური მოლოდინით ხვდებიან.
"საირმეს ამ პერიოდში განსაკუთრებული ხიბლი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნება თოვლით იფარება. ჩვენი გლემპინგების მდებარეობა და ბუნებრივი ხედები ზამთარშიც ქმნის განსხვავებულ გამოცდილებას. ვფიქრობ, ცივი სეზონი საინტერესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც მშვიდ გარემოში დასვენება სურს. შესაბამისად, ზამთრის მიმართულებას მომავალში კიდევ უფრო აქტიურად განვავითარებთ", - აღნიშნავს თუთაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Sairme Glampings-ი ეტაპობრივ გაფართოებას განიხილავს. დამფუძნებლის თქმით, დღის წესრიგშია ტერიტორიისა და განთავსების შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ახალი სერვისებისა და ღია აუზის მოწყობა, რაც კომპლექსს კიდევ უფრო სრულყოფილ დასასვენებელ ადგილად აქცევს.
























