15 ოქტომბრიდან კურორტ საირმეში ახალი ხუთვარსკლავიანი სასტუმრო - Sairme North ამოქმედდა. 104-ნომრიანი ობიექტი Sairme Hotels & Resorts-ის შემადგენლობაში შედის, ხოლო პროექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც BM.GE-ს კურორტ საირმის განვითარების ბორდის წევრმა ზურაბ ალფაიძემ განუცხადა, სასტუმრო ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს, სრულ საოპერაციო დატვირთვაზე კი მომავალ წელს გავა, როდესაც მისი ოფიციალური გახსნაც იგეგმება.
მისივე თქმით, პროექტი Sairme Hotels & Resorts-ის განვითარების ახალი ეტაპია და საერთაშორისო სტანდარტის მასპინძლობასთან ერთად, აქცენტს თანამედროვე სპა და გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურასა და საირმის ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე აკეთებს.
"ჩვენი მიზანია, სტუმარს შევთავაზოთ სრულფასოვანი გამოცდილება, რომელიც მოიცავს დასვენებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ფიზიკურ და ემოციურ აღდგენას, ბუნებასთან სიახლოვესა და გამორჩეულ გასტრონომიას", - განმარტავს ზურაბ ალფაიძე.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ობიექტი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზეა ორიენტირებული. მისი სამიზნე სეგმენტი საშუალო და მაღალი მსყიდველუნარიანობის მომხმარებლები, wellness და სამკურნალო ტურიზმით დაინტერესებული პირები და ეკოლოგიურ გარემოში ხანგრძლივი დასვენების მსურველები არიან.

როგორც ზურაბ ალფაიძე აღნიშნავს, განხორციელებული 50-მილიონიანი საინვესტიციო პაკეტი სასტუმროს მშენებლობასთან ერთად სპა და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შექმნას, საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვასა და საერთაშორისო სერვის-სტანდარტების დანერგვას მოიცავს. ჯამური ინვესტიციიდან 30 მილიონი ლარი მხოლოდ სპა ინფრასტუქტურის შექმნაზე დაიხარჯა.
"პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ ნომრების რაოდენობრივ ზრდაში არ გამოიხატება. ახალი სასტუმრო არსებითად ცვლის კურორტის შეთავაზების ხარისხსა და მასშტაბს და საირმეს საერთაშორისო ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნებთან აახლოებს", - ამბობს კურორტის განვითარების ბორდის წევრი BM.GE-სთან.
შესაბამისად, ახალი სასტუმროს შეთავაზებაში ძირითადი აქცენტი გამაჯანსაღებელ კომპონენტზე კეთდება. Sairme North-ში მოწყობილია ღია და დახურული თერმული აუზები, მშრალი და სველი საუნები, ჰამამი, მარილისა და თოვლის ოთახები, კნეიპის ბილიკი, თერმული ჯაკუზები, ფიტნესცენტრი, სარელაქსაციო ზონა და სპა თუ ფიზიოთერაპიული სივრცეები. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალისტების დანიშნულებით ისარგებლონ საირმის ბუნებრივი მინერალური წყლების სამკურნალო კურსებითა და ინდივიდუალური პროგრამებით.
გარდა ამისა, ობიექტში ფუნქციონირებს რესტორანი, ღია ტერასა, ლობისა და აუზის ბარები, სადაც აქცენტი ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებასა და ქართულ-ევროპული გასტრონომიის შერწყმაზე კეთდება. დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომია საირმის რეკრეაციული ფერმის სერვისებიც: საფეხმავლო, საცხენოსნო და ეკოტურები, ზიპლაინი და სხვა გასართობი სივრცეები.
კომპანიის ინფორმაციით, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, Sairme Hotels & Resorts-ის სასტუმროებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 300-ს მიაღწევს. სამუშაო ადგილები იქმნება მენეჯმენტის, სტუმარმასპინძლობის, F&B (კვება და სასმელები), ტექნიკური, უსაფრთხოების, დასუფთავებისა და სპა-გამაჯანსაღებელი მიმართულებებით.
კადრების მოძიების მიზნით ბაღდათში დასაქმების ფორუმიც ჩატარდა, რომელსაც, ზურაბ ალფაიძის ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო 50-ზე მეტი განაცხადი შერჩევის ეტაპზე გადავიდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ შერჩეული პერსონალი საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდება.
"სასტუმროს ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ დასაქმებით არ შემოიფარგლება. მისი გახსნა მოთხოვნას პროდუქტებზე, ტრანსპორტზე, სოფლის მეურნეობის ნაწარმზე, მცირე საოჯახო ბიზნესებსა და სხვადასხვა მომსახურებაზეც გაზრდის", - აღნიშნავს ზურაბ ალფაიძე.
მენეჯმენტის გათვლებით, ახალი 5-ვარსკვლავიანი ობიექტი ხელს კურორტზე ვიზიტორთა საშუალო დაყოვნების ხანგრძლივობის გაზრდას, სეზონურობის შემცირებასა და საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციას შეუწყობს. კომპანიაში შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც მოთხოვნის ზრდას ელიან, უპირატესად სადღესასწაულო დღეებზე, შაბათ-კვირის ტურებსა და მრავალდღიან სპა-პაკეტებზე.
"ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა საირმის სრულფასოვან ოთხსეზონიან გამაჯანსაღებელ კურორტად ჩამოყალიბებაა. საბოლოო მიზანი არა უბრალოდ განახლებული სასტუმროების ერთობლიობის, არამედ ერთიანი დანიშნულების ადგილის შექმნაა, სადაც ადამიანი ჯანმრთელობისთვის, დასვენებისთვის, ბუნებასთან დასაახლოებლად და ავთენტიკური ქართული გამოცდილების მისაღებად ჩამოვა", - აცხადებს ზურაბ ალფაიძე.
ცნობისთვის, Sairme North "საირმის ერთიანი, გრძელვადიანი განვითარების პროექტის" შემადგენელი ნაწილია, რაც სასტუმრო და სამკურნალო მიმართულებების გაძლიერებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
კურორტის განვითარების გენერალური გეგმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ავსტრიულმა Masterconcept-მა და შვეიცარიულმა SA Partners-მა შეიმუშავეს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა პროექტის მთავარი ინვესტორის, თემურ კოხოძის ინიციატივით მოხდა, რათა “განვითარება საუკეთესო გლობალურ პრაქტიკასა და ადგილობრივ თავისებურებებზე დაფუძნებულიყო”.
ზურაბ ალფაიძის თქმით, მომდევნო ეტაპებზე კომპანია ჰოსპითალითი სერვისების გაფართოებას, რეკრეაციული ფერმის განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვის პროექტების განხორციელებას გეგმავს, რათა საირმე ოთხივე სეზონზე მოთხოვნად საერთაშორისო wellness და სპა მიმართულებად დამკვიდრდეს.























