აპრილში მანქანების გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამოავლინეს.
ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 - ბათუმში, 55 - რუსთავში, 43 კი - ქუთაისში.
290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 46 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს. ამასთან, უწყების ცნობით, 173 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 108 - მიკროავტობუსის, 9 კი, სატვირთო ავტომობილისმძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.
ცნობისთვის, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1437 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.
აღსანიშნავია, რომ ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი - 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი - 500 ლარით განისაზღვრა.




























