2021 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით $800,000 გაყიდა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის აპრილის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ აპრილში სებ-ის მიერ განხორციელებული $82.9-მილიონიანი ინტერვენციების გარდა, მთავრობამ "შიდასამთავრობო კონვერტაციით" $64 მილიონი გაყიდა.
"საანგარიშო პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებით გაყიდა 82.9 მლნ აშშ დოლარი. ამასთან, Bmatch პლატფორმის მეშვეობით, სებ-ის მიერ გაყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა 0.8 მლნ აშშ დოლარი იყო. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა, აპრილში 64.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 147.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
აპრილში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 259.8 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1496.2 მლნ ლარს გაუტოლდა,"- ნათქვამია დოკუმენტში.




























