მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში გამომუშავება 7.6%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 13.2%-ით - ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში

ელექტროენერგია

"თიბისი კაპიტალის" პუბლიკაციის თანახმად, აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება გაიზარდა.

უფრო დეტალურად, 2025 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 7.6%-ით გაიზარდა და 1,168 გვტ. საათი შეადგინა. ჰიდროსადგურების გამომუშავება 1160 გვტ. საათამდე გაიზარდა, რაც წლიურად 15.6%-იანი ზრდაა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებამ 6.9 გვტ საათი შეადგინა (წლიურად -13.5%). კარგი ჰიდროლოგიის გამო, თბოსადგურების საჭიროება აპრილში არ არსებობდა და გამომუშავებამ 0.3 გვტ. საათი შეადგინა.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის აპრილში წლიურად 13.2%-ით გაიზარდა და 1,126 გვტ. საათს გაუტოლდა. საცალო მოხმარება წლიურად 8.1%-ით, 618 გვტ. საათამდე გაიზარდა, მსხვილი მომხმარებლების მოხმარებამ 285 გვტ. საათი შეადგინა და გასულ წელთან შედარებით 16.7%-ით გაიზარდა, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 24.5%-ით გაიზარდა და 223 გვტ. საათი შეადგინა.

საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 6.08 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ელექტროენერგიით ვაჭრობას, მიმდინარე წლის აპრილში ელექტროენერგიის ექსპორტი არ განხორციელებულა, ხოლო იმპორტირებულია მინიმალური მოცულობის, 0.4 გვტ. საათი ელექტროენერგია, რაშიც საქართველომ 2.3 ათასი დოლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები