მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აპრილში ხორცპროდუქტების ფასი 10%-ით, თევზის 21.3%-ით გაიზარდა - დეტალური სტატისტიკა

თევზი და ხორცი

საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული აპრილის ანგარიშის მიხედვით, წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან (მარტთან) შედარებით ფასები 1.7%-ით არის მომატებული.

ინფლაციის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა მოახდინა — აქ ფასები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფასების მატება ცილოვანი პროდუქტების (თევზი, ხორცი) ქვეჯგუფებში.

სტატისტიკური მონაცემებით, თევზეულის ქვეჯგუფში ფასები წლიურად 21.3%-ით არის გაზრდილი, ხოლო ხორცის პროდუქტები 10.1%-ით გაძვირდა.

bm.ge გთავაზობთ ამ ქვეჯგუფებში შემავალი კონკრეტული პროდუქტების ფასების ცვლილების წლიურ დეტალურ ჩამონათვალს:

თევზეული:

  • შებოლილი თევზი: ფასი გაიზარდა 26%-ით;
  • ახალი თევზი: ფასი გაიზარდა 24%-ით;
  • გაყინული თევზი: ფასი გაიზარდა 17.6%-ით.
  • თევზის კონსერვის ფასი კი 0.2%-ით არის შემცირებული.

ხორცი და ხორცის პროდუქტები:

  • საქონლის ხორცი: ფასი გაიზარდა 19.1%-ით;
  • ძროხის ხორცის ფარში: ფასი გაიზარდა 14.9%-ით;
  • მოშუშული ხორცის კონსერვი: ფასი გაიზარდა 13.7%-ით;
  • ქათმის ხორცი: ფასი გაიზარდა 10.2%-ით;
  • შებოლილი ხორცი: ფასი გაიზარდა 6.3%-ით
  • ღორის ხორცი: ფასი გაიზარდა 5.7%-ით.

მხოლოდ ბოლო ერთი თვის (აპრილი მარტთან შედარებით) ჭრილში, სურსათის ჯგუფში ფასები 0.5%-ით გაიზარდა. თვის განმავლობაში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი (3.7%), ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული (2.1%) გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფში არის პროდუქტებიც, რომლებზეც ფასი შემცირდა. მაგალითად, წინა თვესთან შედარებით მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები 2.5%-ით გაიაფდა, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 1.5%-ით.

თუმცა, წლიურ ჭრილში (2025 წლის აპრილი 2026 წლის აპრილთან), პრაქტიკულად ყველა ძირითადი საკვები პროდუქტი გაძვირებულია, მათ შორის პურპროდუქტები (7.7%) და შაქარი/ტკბილეული (7.3%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები