მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები დანამატის სახით ₾1.3 მლნ-ს მიიღებენ - სასამართლოს გუშაგი

ჩაქუჩი

"სასამართლოს გუშაგის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს.

"მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. ამჯერადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი ფართო უფლებამოსილების ფარგლებში, აპრილის თვეში განსაზღვრა დანამატი, რომლითაც, ფაქტობრივად, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო გააორმაგა", - წერს ორგანიზაცია.

მათივე ცნობით, სარგოდ დარიცხულმა თანხამ 1.3 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისათვის, მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები