აპრილში, სამთავრობო ცვლილებების შედეგად „ოცნების“ მთავრობას 3 ახალი მინისტრი ჰყავს. გაყოფილი ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროები რევაზ სოხაძემ და კახაბერ გულედანმა ჩაიბარეს, იუსტიციის მინისტრი კი „ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია გახდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ქარსელაძის წასვლის შესახებ ცნობილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც „ოცნების“ პრემიერმა განაცხადა, რომ ექს-მინისტრმა პოსტი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და ამის შესახებ თხოვნით მას მიმართა. მის ადგილას „ქართული ოცნების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე დაიკავებს.
„ოცნების“ მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები 2 აპრილს გაცხადდა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფოდა და რეგიონული განვითარების სამინისტრო ცალკე უწყებად ფორმირდებოდა. თავდაპირველად უწყება სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჩაებარებინა, თუმცა 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას კახაბერ გულედანი დაიკავებდა. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე იუსტიციის სამინისტროდან ანრი ოხანაშვილი გადავიდა, ხოლო იუსტიციის მინისტრი "ქართული ოცნების" დეპუტატი პაატა სალია გახდა. როგორც მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა გაყოფილი სამინისტროს ნაწილს ინფრასტრუქტურის მიმართულებას კვლავ ირაკლი ქარსელაძე გაუძღვებოდა, თუმცა როგორც დღეს "ოცნების" პრემიერმა აღნიშნა, რომ ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მას თხოვნით მიმართა. ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები არამხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებაში, არამედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც იქნებოდა. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი თორნიკე რიჟვაძემ დატოვა, რომელიც ამ ადგილს 2018 წლიდან იკავებდა. მის ნაცვლად კი თბილისის პოლიციის უფროსი სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.




























