მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aptos-ი ექსპორტზე კიდევ 10-მდე ქვეყანაში გავა - სად გაიყიდება უნიკალური სამედიცინო ძაფები?

6201376e20a3e
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.22 22:06
1424
პლასტიკურ ქირურგიაში გამოყენებადი Aptos-ის უნიკალური სამედიცინო ძაფების მწარმოებელი კომპანია 2022 წელს საექსპორტო ბაზრების რაოდენობის გაზრდას 90-მდე გეგმავს.

დღეისთვის კომპანია 3 საწარმოს საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში მართავს. აქედან ბოლო ორი საწარმოს პროდუქტი უკვე 83 ქვეყანაშია წარმოდგენილი. გასულ წელს საქართველოში წარმოების ამოქმედების შედეგად კი კომპანია ახალი ბაზრების ათვისებას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბარისას კომპანიის გენერალური დირექტორი, პლასტიკური ქირურგი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ წლის ბოლომდე Aptos-ის, მათ შორის ქართული წარმოების ძაფები ექსპორტზე კიდევ დამატებით 10-მდე ქვეყანაში გავა.

„ჩვენ უკვე მივიღეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი პროდუქტის გატანის სერტიფიკატი FDA. ამერიკა საკმაოდ დიდი ბაზარია და იქ საკმაოდ დიდი მოცულობით გავალთ, რისთვისაც წლის ბოლომდე აშშ-ში ჩვენი ოფისი გაიხსნება.

საექსპორტო ბაზრებს შორის არის ასევე ბრაზილია, სადაც ახლა ველით სერტიფიკატს და ჩინეთში, საიდანაც სერტიფიკატი წლის ბოლომდე გვექნება. საქართველოში გასული წლის ივლისში ამოქმედებული საწარმო სწორედ ამ ქვეყნებში ექსპორტისთვის იქნება გათვლილი“, - განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

დღეისთვის Aptos-ის სამედიცინო ძაფების რეალიზება ევროპის, არაბეთის, დსთ-ის და აზიიის ქვეყნებში ხდება.

„ჩვენი მიზანია რომ წლის ბოლოს საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა 83-დან 90-მდე გავზარდოთ. ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა სამედიცინო ძაფების ექსპორტს ფილიპინებზე, იაპონიაში, კორეაში და სხვა რამდენიმე ქვეყანაში ვგეგმავთ“, - თქვა სულამანიძემ.

კომპანია Aptos-ის მწარმოებელ სამ საწარმოში, ასევე მათ მიერ სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ 15 ოფისში, 6 კლინიკაში ჯამში 400-მდე ადამიანს ასაქმებს. გიორგი სულამანიძის ინფორმაციით, 2019 წელს მხოლოდ რუსეთის საწარმომ 300 კმ-ის, ანუ თბილისიდან ბათუმამდე მანძილის სიგრძის Aptos-ის ძაფი აწარმოა, ხოლო გერმანიის საწარმომ ამ რიცხვზე 3-ჯერ მეტი, რაც რაოდენობრივად ასობით ათასს ძაფს უდრის. საქართველოს საწარმოს კომპანიის მთლიანი წარმოების მესამედი ეკავება.

გიორგი სულამანიძემ მათი წარმოების სამედიცინო ძაფების ღირებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენი კომპანია პლასტიკურ ქირურგიაში ძაფების გამოყენების კუთხით მსოფლიოში პირველი და ლიდერი კომპანიაა. სხვადასხვა ქვეყანაში პაციენტისთვის მაგალითისთვის წარბების აწევა 1 500- 2000 ევრო ღირს, საქართველოში სულ სხვა, უფრო დაბალი ფასია. Aptos-ის ძაფის ერთი შეფუთვის ღირებულება კი 200-300 ევროა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები