მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და მორყეული ხელისუფლება“ - წულუკიანი სუს-ის განცხადებაზე

მთავრობა

საქართველოს კულტურის მინისტრის განცხადებით, სუს-ის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების გამო ჩნდება კითხვები, რომელიც USAID-ისკენ არის მიმართული და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეთ.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოში არც სახელმწიფოა მორყეული და არც ხელისუფლება.

„ჩვენ დღეს არამხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მოვისმინეთ და ბრიფინგი, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები ვიდეო და აუდიო ფაილების სახით, სადაც ვიხილეთ და მოვისმინეთ, რომ კონკრეტული პირები ვიდეოში ატარებენ ტრენინგს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სხვებს ასწავლიან თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბონ საპროტესტო მუხტი, შემდეგ ეს მუხტი გარდაქმნან რევოლუციად და ჩამოაგდონ არსებული ხელისუფლება. ეს მტკიცებულებაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. კარგია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენ ახლა კონკრეტული კითხვები უნდა დავსვათ საზოგადოების, მთავრობის სახელით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების სახელით - როგორ ხდება რომ USAID-ის დაფინანსებით აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტს ჩამოჰყავს ის პირები, ვინც ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის დაგეგმვაში იღებდა მონაწილეობას, ის პირები რომლებიც თავიანთ ქვეყანაში, სერბეთში ქართული კმარას ანალოგს ხელმძღვანელობდნენ და რისთვის არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელი მოქალაქეების ფული დახარჯული ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე შემდეგია, რომ ჩვენ ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს და ასეთი არეულობა დაშვებული არ იქნება და ვერც ვერავინ ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას ვერ შეძლებს. ყველა იმ ახალგაზრდას და მის მშობელს მინდა ვუთხრათ, რომ ახლა თავი უნდა შევიკავოთ ყველანაირ ამგვარ პროექტში ჩართულობისგან, ვინაიდან ეს არ კეთდება ახალგაზრდებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის სიკეთისათვის და რომ სიფრთხილეა ყველას მხრიდან საჭირო, იმიტომ რომ ყველა ტიპის არეულობის მცდელობა იქითკენაა მიმართული რომ კიდევ მინიმუმ 50 წელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ ახალგაზრდებს აერიოთ ის ცხოვრება, რომლის დალაგებასაც ცდილობენ და ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას. ვეუბნებით ყველას, რომ მკაცრი პასუხი გაეცემათ, ვინც ამაში მონაწილეობდა და ვსვამთ კითხვას, რატომ ხდება ამერიკის შესაბამისი ორგანიზაციის მხრიდან ამგვარი დანაშაულის თუ დანაშაულის მცდელობის არაპიდაპირ სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსება?

ყველა უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან ვერანაირი არეულობა ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და მორყეული ხელისუფლება“, - განაცხადა წულუკიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებისა და ადგილობრივად რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის ახალგაზრდების გადამზადებისთვის გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია რომ ქვეყანაში რევოლუციური მიზნების განხორციელებისთვის მოქალაქეების გადამზადებისთვის USAID-ის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ პირები, რომელიც 29 სექტემბერს დაიკითხნენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები