მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქ [ციხეში] არის ივანიშვილის ადგილი, მოვა მაგის დროც - რა თქვა ბაჩიაშვილმა სასამართლოზე?

ბაჩიაშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ბიტკოინების საქმეზე მსჯავრდებულ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა. პროცესი მოსამართლეებმა გიორგი კერატიშვილმა, დავით მამისეიშვილმა და პაატა სილაგაძემ განიხილეს.

სხდომის დასაწყისში სიტყვით გამოსვლის უფლება ითხოვა თავად ბაჩიაშვილმა. მან განაცხადა, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას და კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს. ბაჩიაშვილის მტკიცებით, ყველაფერი პირადი შურისძიებით დაიწყო, რადგან მიზანში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს.

ბაჩიაშვილი: "მე არ ვარ პატიმარი, მე ვარ მოტაცებული ტყვე... 21-ე საუკუნის მხედრიონია"

„ორი წლის წინ, როცა ეს საქმე დაიწყო, კიდევ ინარჩუნებდა ხელისუფლება დემოკრატიის გარკვეულ შირმას. მაშინვე ვთქვი, რომ ეს იყო დევნა პოლიტიკური და პირადი შურისძიების მოტივით. მე დავიწყე საუბარი იმაზე, რომ უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაში მონაწილეობაზე და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე ზეწოლა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ წარდგენილ საქმეებში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს და ყველაფერი ეფუძნება მხოლოდ ივანიშვილის ჩვენებას.

"არც ერთ ეტაპზე ჩემ მიმართ სამართალი არ განხორციელებულა. მიდის გამოძალვა და ესენი არიან გამომძალველი „მხედრიონელების“ პირდაპირი წარმომადგენლები. დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, ნუ გახდებით ამ გამომძალველი, დანაშაულებრივი მანქანის იარაღი“, – მიმართა სასამართლოს გიორგი ბაჩიაშვილმა.

სხდომის დროს ბაჩიაშვილი ციხეში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც ალაპარაკდა, რასაც პროკურორის, მიხეილ სადრაძის რეაქცია მოჰყვა. პროკურორმა მას საუბრის შეწყვეტა მოსთხოვა იმ არგუმენტით, რომ ამ განცხადებებს მიმდინარე საქმე არ ეხება. ბაჩიაშვილმა პროკურორს უპასუხა – „ჰოდა გამოიძიეთ თუ არსებობს“.

მიუხედავად პროკურორის პოზიციისა, მოსამართლეებმა ბაჩიაშვილს საშუალება მისცეს, განაგრძოს სიტყვა.

„როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი – პირდაპირ გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარალებულად არ ვღიარებივარ. ამ ვაჟბატონის [პროკურორი] კოლეგები არანაირ მსვლელობას არ აძლევენ ამ საქმეს. ვითომ დაიწყეს გამოძიება, მაგრამ კამერა უნდა ამოიღონ, დაზარალებულად უნდა მცნონ. ვინ არის დაზარალებული მაშინ, მე თუ თავგატეხილი გამომიყვანეს იქიდან.

როდესაც სჭირდებოდათ, კამერების ამონაწერი რამდენიმე საათში გამოაქვეყნეს. ჩვენ მითვისების საქმეს კი არ განვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ გამოძალვის საქმეს, ჩემი დატყვევებისა და წამების საქმეს. მითვისებასთან არაფერი აქვს საერთო ამ საქმეს", – თქვა ბაჩიაშვილმა.

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან არასდროს ჰქონია არც საერთო ბიზნესსაქმიანობა. მისი თქმით, ივანიშვილის მხრიდან პრეტენზიები მას შემდეგ გაჩნდა, რაც უარი უთხრა ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელებაზე.

„2016 წლის ნოემბერში სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. პრეტენზია გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკაში არ გავყევი. როდესაც ზაზა შათირიშვილმა პირველი ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა, ჩემგან უნდოდა ამის გავრცელება. ამაზე კი უარი ვუთხარი“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილმა დაინახა, რომ ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლებოდა და ამის შემდეგ დაიწყო დევნა: „იფიქრა, რომ ‘უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება’ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო“.

ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის გარემოცვაში ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ღიად გმობდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ამ კონტექსტში ისიც აღნიშნა, რომ თავიდან ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ ამიტომ სთხოვა ფინანსური დახმარება კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.

"აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც. ბიძინა ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ბევრს ეხმარებოდა, ამიტომ მივედი და ვუთხარი, რომ ფულის სესხება მინდოდა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, გამიშვა ბანკში. ბანკში რისკებს ხედავდნენ, რადგან არ იცოდნენ ამის შესახებ".

მისივე თქმით, თავდაპირველად ბანკში გაგზავნეს, თუმცა იქ რისკებს ხედავდნენ და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. შემდეგ მან სატელეფონო საუბარში ივანიშვილს უთხრა, რომ თავად იყო დარწმუნებული ამ ინვესტიციაში და ქონება უკვე ჩადებული ჰქონდა.

„ივანიშვილმა მითხრა, ნატოს [ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა] დავლაპარაკებოდი და თვითონაც დაელაპარაკებოდა. ნატოსთან იმ დღესვე მივედი. შემდეგ კი ივანიშვილმა ჩვენებაში თქვა, რომ ნატომ გადააფიქრებინა და მერე თვითონ შემოვიდა ინვესტორად. ეს კი ტყუილია“, – ამბობს ბაჩიაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა სატელეფონო ჩანაწერი, ივანიშვილმა ჩვენება შეცვალა და ამტკიცებდა, რომ ვითომ ბაჩიაშვილს მამასავით დაეხმარა. „თქვა, რომ გავაკეთე ის, რასაც მამა შვილსაც არ უზამს. მამაშვილურად დავეხმარეო, ანუ ბიზნესი 'ავახიეო'“.

ბაჩიაშვილის განცხადებით, „არ არსებობს არც ერთი შემთხვევა, რომ მას და ივანიშვილს რაიმე საერთო ან საწილე საქმე ჰქონოდათ“.

შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 10 მარტს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს ე.წ. მწვანე საზღვართან დააკავეს, თუმცა თავად ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბრუნება საქართველოში იძულებითი იყო და მასთან დაკავშირებით კანონები უხეშად დაირღვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები