მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქამდე ეს მოცემულობა არ იყო“ - ოთარ შამუგია ფქვილის საიმპორტო გადასახადის დაწესებაზე

647470dfab972
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.23 13:28
1371
საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-მ სოფლის მეურნეობის მინისტრს ჰკითხა - როგორ დაარწმუნეს დარგის წარმომადგენლებმა ხელისუფლება მხარდაჭერის აუცილებლობაში, რადგან კონსულტაციები თითქმის თებერვლიდან მიმდინარეობდა. ასევე, BM.GE დაინტერესდა, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟის საპირწონედ, რა გადასახადი დაწესდება ფქვილის იმპორტზე.

ოთარ შამუგიამ პირველ რიგში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე მუშაობა ერთი წელია მიმდინარეობს, ეს პრობლემები მიმდინარე წლის გაზაფხულამდე დღის წესრიგში არ იდგა. წისქვილები შეფერხებით, თუმცა მაინც მუშაობდნენ, ახალი მოსავლის აღების მოახლოებასთან ერთად კი მათი სტაბილური მუშაობის აუცილებლობის გამო, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრი არ აკონკრეტებს, რა გადასახადი დაწესდება ფქვილის იმპორტზე და აღნიშნავს, რომ სხვა უწყებებთან ერთად მომზადდება დადგენილების პროექტი, სადაც დეტალები გაიწერება.

„ვერ დაგეთანხმებით, რომ არ გვჯეროდა და დავიჯერეთ. ჩვენ ამ საკითხებზე ერთ წელზე მეტია ვსაუბრობთ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში პროცესს მუდმივად ვაკვირდებოდით და ვხედავდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ წისქვილები შეფერხებით და არასრული დატვირთვის მუშაობდნენ, ისინი მუშაობდნენ. თვეში 25-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდა და ამავდროულად შეუფერხებლად ხდებოდა ფერმერების მიერ ხორბლის რეალიზება. გაზაფხულამდე ამ პრობლემის შესახებ ფერმერების მხრიდან არ გაგვიგია და არც ყოფილა ასეთი პრობლემა. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, ამიტომაც იყოს საჭირო ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ ისეთი გადაწყვეტილება მიგვეღო და ისე დაგვერეგულირებინა ეს პროცესი, რომ პური არ გაძვირებულიყო. ამავდროულად იმ პროცესს, რომელიც ახლა დაიწყება - მოსავლის აღებას ვგულისხმობ, ფერმერებს ხორბლის რეალიზება შეუფერხებლად შეეძლოთ.

აქამდე ეს მოცემულობა არ იყო და არც საჭიროება არ იყო ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. დღეს რადგან ახალი მოსავალი მოდის და ჩვენი მოლოდინით საკმაოდ მაღალია - 180-200 ათასი ტონის ფარგლებში, რაც მისასალმებელია, აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში, თუ წისქვილებმა სრული დატვირთვით არ იმუშავეს, ამ ხორბლის რეალიზება შეფერხდება. აქედან გამომდინარე, მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. მანამდე ვერ ვხედავდით ამის საჭიროებას.

შესაბამისი დადგენილება სამინისტროებთან ერთად მომზადდება და მთავრობას წარედგინება, ისე რომ წისქვილების მუშაობა კონკურენტუნარიანი იყოს და მომავალში ფქვილის იმპორტზე გადასახადი ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად დარეგულირდება“, - განაცხადა მინისტრმა.