მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვერევით ინფლაციის მოთოკვის პროცესში - ნათია თურნავა

61dc05aa2dc85
მარიამ ვარადაშვილი
10.01.22 14:18
727
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში მაღალ ინფლაციას პანდემიას უკავშირებს, რამაც სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდა გამოიწვია.

მისივე თქმით, სამომხმარებლო ფასები გაზრდილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში.

“ინფლაცია მყისიერად გაიზარდა სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რეგიონის ან სხვადასხვა ქვეყნის წინასწარი შედეგები რომ ვნახოთ, მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის მანძილზე მაქსიმუმზეა ინფლაცია, გერმანიაში ბოლო 29 წლის პიკზეა. ჩვენს მეზობელ თურქეთში ბოლო 19 წლის მანძილზე ინფლაცია მაქსიმუმაზეა და 36%-ს აღწევს წლიურად. თან ეს ხდება ლირის დევალვაციის ფონზე, როცა ჩვენთან ლარი საკმაოდ მყარი და სტაბილურია”, - აცხადებს თურნავა.

მინისტრის თქმითვე, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებით სურსათი გაძვირდა. ასევე გაიზარდა ფასი ნავთობპროდუქტებსა და ბუნებრივ გაზზე.

“საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი და ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს, რაც მაქსიმუმ 3-4%-ია. ჩვენ არ ველოდებით ამ მომენტს და ამ ეტაპზეც აქტიურად ვერევით ფასების დასტაბილურების პროცესში, ინფლაციის მოთოკვის პროცესში”, - აცხადებს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრი ინფლაციის “მოსათოკ” ღონისძიებებში მთავრობის წამლებზე ფასების რეგულირების გეგმას ასახელებს, ასევე საექსპორტო პროდუქციის ზრდისთვის ხელშეწყობას.

“ეროვნული ბანკი საკუთარი მანდატის ფარგლებში დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ უკვე მოკლე ვადაში მოთოკოს ინფლაცია. გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ჩვენ მთელი ეკონომიკური გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ვმსჯელობთ თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ფასების ზრდით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია. გვაქვს ამის გეგმა, ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას”, - აცხადებს თურნავა.

2021 წლის დეკემბერში ინფლაცია წლიურად 13.9%-მდე გაიზარდა.

როდიდან შემცირდება ფასები ქვეყანაში? - ლაშა ხუციშვილი ინფლაციის მიზეზებს განმარტავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები