მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგია - მედეა ჯანიაშვილი ტურიზმიდან შემოსავლებზე

637600228be23
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.22 14:12
397
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლებში, 10-თვიან პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სადაც უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 10 თვის მონაცემებს აჯამებს.

მისი თქმით, იანვარი-ოქტომბრის შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა, რაც აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგია და იძლევა სტიმულს, რომ აქტივობები მიზნობრივ ბაზრებზე კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს.

„იანვარი-ოქტომბრის მონაცემით შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ, რაც თითქმის 3 მლრდ დოლარს უტოლდება. პირველად არის შემთხვევა, როდესაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ. მხოლოდ ოქტომბრის თვეში შემოსავლების კუთხით აღდგენა 126%-ია. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთის წილი შემოსავლებში გაიზარდა.

ეს არის ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ტურისტულ ბაზრებზე განვახორციელეთ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან ოპტიმისტური მაჩვენებელი, შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ გავააქტიუროთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, შევთავაზოთ კონკრეტული ტურისტული პროდუქტი, რომ რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტები მოვიზიდოთ“, - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

მედეა ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მაღალბიუჯეტური ტურისტი სტუმრობს.

„აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ასევე ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა იღებს მაღალბიუჯეტურ ტურისტებს, ეს ავტომატურად შემოსავლებში აისახება. ამ მონაცემთა ერთობლიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ მიზნობრივ ბაზრებზე“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის: 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 დოლარი). 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 1,846,592,397 (+183.2%) დოლარით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები