მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს | 9 თვეში ვიზიტები შემცირებულია

უზბეკეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, უზბეკური მედიასაშუალებების, ასევე ციფრული მედიის პოპულარული კონტენტ-კრეატორებისთვის სპეციალური პრესტური მოეწყო. ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომია და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებები ადგილზე შეისწავლეს, მომზადებულ მასალას საკუთარ აუდიტორიას გაუზიარებენ.

"მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ტაშკენტში საქმიანი ღონისძიება გაიმართა. B2B ფორმატის შეხვედრებზე ქართულმა და უზბეკურმა მხარეებმა ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალურ ღონისძიებას უზბეკეთში საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანიების: Centrum Air-ისა და Uzbekistan Airways-ის, ასევე უზბეკეთის 50-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო", - წერია პრესრელიზში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის აღნიშნული რა თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან ამ კონკრეტულ ბაზარზე ტურიზმის პოპულარიზაციისთვის.

ოფიციალური სტატისტიკით, უზბეკეთიდან საქართველოში ტურიზმი განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გააქტიურდა და ყოველწლიურად მზარდია. 2025 წელს უზბეკეთიდან ვიზიტების რაოდენობა 13.5%-ით 73 913-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში კი მცირედით - 1.5%-ით შემცირდა და სულ ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 61 014 ვიზიტი შესრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები