გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება და საქართველოში დემოკრატიის დასაცავად, "აგენტების კანონზე" და ქვეყანაში დემოკრატიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა წერს, იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა დაემუქროთ. სტატიაში აღნიშნულია, რომ სავიზო შეზღუდვები პოლიტიკოსებთან ერთად მათ ოჯახებზეც გავრცელდება. ამ ზომებს კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც POLITICO-ს თანახმად, აშშ-ის კონგრესს წარედგინება. კანონპროექტში არის ხაზგასმა მმართველი პარტიის რუსეთის ფედერაციასთან დაახლოების პოლიტიკაზე, რომელიც არალიბერალური შემობრუნების ნაწილია. ასევე მითითებულია, რომ ხდება თავდასხმა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებაზე, იმის პარალელურად, რომ იზრდება კავშირები რუსეთთან და ასევე, ჩინეთთან.
POLITICO ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონპროექტს სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელი წარმომადგენელი, ჯო უილსონი წარადგენს.
პოლიტიკოსებთან ერთად, შემზღუდავი ზომები გათვალისწინებულია ქართველი სამართალდამცველებისთვის და უსაფრთხოების სამსახურების მიმართაც, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დარბევაში.
POLITICO-ს ინფორმაციით, სანქციებთან დაკავშირებული კანონპროექტის ტექსტი თვეების წინ შემუშავდა, რამდენადაც არსებობდა შეშფოთება, რომ „ქართული ოცნება“ გასულ წელს წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კანონპროექტს ხელახლა წარადგენდა.
გამოცემა კომენტარისთვის „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდა, თუმცა მმართველ პარტიაში POLITICO-ს არ უპასუხეს.