მილიარდერი სამველ კარაპეტიანი მის მფლობელობაში არსებული აქტივების დათმობას არ აპირებს. როგორც დაკავებული ბიზნესმენი ამბობს, ის ბოლომდე იბრძოლებს იმისათვის, რომ სომხეთის მთავრობას მისი კომპანიის ნაციონალიზაციის საშუალება არ მიეცეს. მისი თქმით, ის აქტივებს გათავისუფლების პირობითაც არ დათმობს, რადგან მიაჩნია, რომ მართალია და ამას საერთაშორისო სასამართლოც დაადასტურებს.
შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოწოდებებისთვის მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დააკავა. ის რუსულ-სომხური Tashir Group-ის დამფუძნებელი და მფლობელია, ხოლო მისი ქონება Forbes-ის მიერ 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კარაპეტიანის ჰოლდინგი აქტივებს ფლობს რუსეთში უძრავი ქონების, მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში, სომხეთში კი მის საკუთრებაშია სომხეთის ელექტროსისტემა, რომელიც 2015 წელს Inter Rao-სგან შეიძინა. ამჟამად სომხეთის მთავრობა უკვე ამ სტრატეგიული აქტივის ნაციონალიზაციასაც გეგმავს.
კარაპეტიანის დაკავება, დიდი ალბათობით, რუსეთის მთავრობასთან მისი კავშირებით და ბოლო პერიოდში სომხეთის გეოპოლიტიკური გეზის ცვლილებით არის განპირობებული.




























