ფშავში, სოფელ თვალივში მდებარე სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი“ 2025 წლის ზაფხულის სეზონს მომხმარებელთა გაზრდილი ნაკადით ხვდება.
როგორც კლუბის მენეჯერმა, სოფო ბურდულმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
„კოვიდამდე ძალიან კარგი დატვირთვით ვმუშაობდით, თუმცა პანდემიის შემდეგ აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გასულ წელს, განსაკუთრებით სუსტი სეზონი იყო – კვირის დღეებში პრაქტიკულად არავინ გვსტუმრობდა. წელს კი უკვე გვაქვს 20%-იანი ზრდა და მათ შორის, ყოველკვირა გვყავს უცხოელი ვიზიტორებიც“, - ამბობს ბურდული.
აღსანიშნავია, რომ კლუბი „ჯომარდი“ 2003 წლიდან ფუნქციონირებს და როგორც სოფო ბურდული ამბობს, ის პირველ საჯომარდო ბაზად ითვლება საქართველოში. 2018 წელს ბაზაზე თოკების პარკიც დაემატა, რომელსაც დღეს ოთხი სხვადასხვა სირთულის ტრასა აქვს: მარტივი, საშუალო, რთული და ცალკე ზიპლაინის მარშრუტი. ჯომარდობის სექცია 8-9 კილომეტრიან დაშვებას მოიცავს და დაახლოებით 1 საათს გრძელდება. ბავშვებისთვის აქტივობა 5 წლიდან არის ხელმისაწვდომი, თუმცა სეზონურად – მხოლოდ ივნისის ბოლოდან, რადგან მანამდე მდინარეში წყლის დონე მაღალია და უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, პატარებისთვის რეკომენდებული არ არის.
ბურდულის ინფორმაციით, კლუბის მომხმარებლები სეზონურად განსხვავდებიან: მაისიდან ივლისის შუა რიცხვებამდე ძირითადად სკოლის ექსკურსიები და ორგანიზებული ჯგუფებია წარმოდგენილი, ივლისის ბოლოდან კი ტურისტული ნაკადი იზრდება.
კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ უცხოელი სტუმრები ყველაზე ხშირად ესტონეთიდან და პოლონეთიდან მოდიან, იშვიათად – ავსტრიიდან და საფრანგეთიდან. ასევე ხშირია შატილისკენ მიმავალი ლაშქრობების მონაწილე ვიზიტორებიც.
კლუბი 60-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა როგორც ბურდული განმარტავს, ისინი გამოძახებების პრინციპით მუშაობენ და ერთდროულად ყველა არ არის ჩართული პროცესში.
“ინდივიდუალური ჯავშნების შემთხვევაში, ჯომარდობის ღირებულება 90 ლარია. თოკების პარკი, ასაკის მიხედვით, 40-დან 60 ლარამდე ფარგლებში ღირს, ხოლო ზიპლაინის 3 ხაზიანი მარშრუტი – 35 ლარი. კორპორატიული პაკეტები შედარებით იაფია, რადგან მათში ყველა აქტივობა ერთიანდება”, - თქვა მან.
მისივე განმარტებით, კლუბისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის – ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები. თუმცა, მიუხედავად სირთულეებისა, „ჯომარდი“ ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში ერთ-ერთი პიონერი კომპანიაა. როგორც ბურდული აღნიშნავს, კლუბი პირველი იყო, ვინც არაოფიციალურად სერტიფიცირების პროცესი დაიწყო.
„კანონი სერტიფიკატს არ ითხოვს, მაგრამ ჩვენმა დამფუძნებელმა – მამაჩემმა, ჯერ კიდევ წლების წინ ჩამოიყვანა პირველი ლიცენზირებული გიდები და დღეს ყველა ჩვენს თანამშრომელს სერტიფიკატი აქვს“, – ამბობს კლუბის მენეჯერი.
„ჯომარდი“ კვლავ აგრძელებს ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და მრავალფეროვან გამოცდილების შეთავაზებას, რაც ადგილობრივ ტურიზმში მის განსაკუთრებულ როლს კიდევ უფრო აძლიერებს.




























