საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მერიიდან გიგა სოფრომაძის გათავისუფლების გამო, საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც კავშირი აცხადებს, აქცია დღეს, 18:30 საათზეა დაგეგმილი.
""საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" დღეს, 18:30 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვა დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებთან და აქტივისტებთან ერთად, თბილისის მერიის წინ გააპროტესტებს ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, გიგა სოფრომაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადებს სოლიდარობას როგორც მას, ასევე ყველა იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც უკვე გაათავისუფლეს ან ზეწოლის მსხვერპლია.
მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოსამსახურეს, რომელიც აცნობიერებს საჯარო სამსახურის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებსა და პოლიტიკური წმენდის დამკანონებელი რეპრესიული აქტის მოქმედების მასშტაბს, შემოუერთდეს სოლიდარობის აქციას და დაიცვას როგორც სხვების, ასევე საკუთარი უფლებები. ჩვენ ვიმსახურებთ მოგვეცეს საშუალება, ვიმუშაოთ ჯანსაღ, დეპოლიტიზებულ საჯარო სამსახურში, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, მისი განუხრელი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის", - წერია კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კახა კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა გიგა სოფრომაძე, რომელიც "ოცნების" პოლიტიკას აკრიტიკებს. სოფრომაძე შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი იყო. მან ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები “ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს, ემიჯნებიან.
თავად კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ ტყუილია თითქოს, ვინმე მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.