მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების 98% 28-29 სექტემბრისთვის დასრულდება - ირაკლი ბენდელიანი

რუსთაველი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში საკომუნიკაციო კომპანიები GWP და "თბილისი ენერჯი" ძირითად სამუშაოებს თვის ბოლომდე დაასრულებენ, რის შემდეგაც სრული მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 28-29 სექტემბერს მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების 98% უკვე დასრულებული იქნება, რაც ობიექტზე გზის საფუძვლისა და ასფალტის დაგების ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა.

"GWP-ც და "თბილისი ენერჯიც" თვის ბოლოდან უკვე სრულად გასული იქნება ობიექტიდან. დარჩენილი იქნება მხოლოდ მილების ძველიდან ახალზე გადაერთების სამუშაოები, რაც საგზაო მიმართულებით შეფერხებას საერთოდ აღარ გამოიწვევს. 28-29 რიცხვში უკვე ეს სამუშაოების 98% დასრულებული გვექნება და სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით სამუშაოები: პირველ ეტაპზე დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდგომ - გზის საფუძვლის მომზადება, ბოლო ეტაპი კი ასფალტის საფარის დაგება იქნება", - განაცხადა ბენდელიანმა.

ვიცე-მერის ინფორმაციით, საგზაო ნაწილის პარალელურად სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც, სადაც უკვე დაწყებულია ბუნებრივი ქვის დაგება: "ელექტროგადამცემი ხაზებისთვის განკუთვნილი არხების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ლოკალურად, სადაც ამის შესაძლებლობაა, ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც დავიწყეთ".

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ ავარიულ მიწისქვეშა გადასასვლელებს (ოპერისა და პირველი პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ), ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მათი კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს.

"მოგვივიდა შესაბამისი დასკვნები, რის საფუძველზეც ორივე მიწისქვეშა გადასასვლელზე დავიწყეთ დეტალური პროექტირება და წინა მოსამზადებელი სამუშაოები. ამ დასკვნის მიხედვით მოხდება ორივე მიწისქვეშას გამაგრება, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. პარალელურად მიმდინარეობს ზედა ნაწილის გაშიშვლება, სადაც საიზოლაციო სამუშაოები ტარდება - ამის დასრულების შემდეგ უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. ქვედა ნაწილში ხდება ძველი მასალების ჩამოღება, შიდა მხრიდან მოჯავშნა და გამაგრება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია, რომ ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი შიდა მხრიდან ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები