მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აქციზის გამოკლება დიდი გამოსავალი მაინცდამაინც არ არის" - იობაშვილი საწვავის ფასის რეგულირებაზე

ვახტანგ იობაშვილი

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საწვავის ფასების რეგულირებაზე მსჯელობისას "აქციზის გამოკლება დიდი გამოსავალი მაინცდამაინც" არ იქნება. ამის შესახებ ვახტანგ იობაშვილმა "ფასების სამთავრობო კომისიასთან" ნავთობკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განაცხადა.

"პირდაპირ მინდა გითხრათ - აქციზის გამოკლება... ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს, მის სოციალურ ინსტიტუტებს. ამიტომ, აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინცდამაინც დიდი არ არის.

ახლა ჩვენ გვეტყვიან ასე? მოვიქცევით ასე. დაგვიწერენ ასეთ კანონს? ვალდებული ვართ დავემორჩილოთ არსებულ კანონს. წინასწარ არ გავუსწრებ მოვლენებს", - აღნიშნა მან.

როგორც მან ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საწვავის ფასების შემცირება, აღნიშნა, ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს და ფასების კომისიასთან შეხვედრის შემდეგ განსაზღვრავენ, რა შეიძლება იყოს და რა არა.

"მე ყოველთვის თავს ვიკავებ და არ ვაკეთებ წინდაწინ განცხადებას — რა იქნება, როგორ იქნება. მოლოდინებზე არ შეიძლება ბიზნესის აგება. მე მინდა გითხრათ ის, რომ ყოველ დღე იცვლება მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ფასები. რა იქნება, როგორ იქნება, რა გამოსავალი იქნება - ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, ჩვენ არ ვიცით „პლაცების“ ფასები რა იქნება იმ დღეს, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. დღეს მოვისმენთ ყველაფერს და ამისდა მიხედვით ჩვენ ვნახავთ, განვსაზღვრავთ შემდგომ, რა შეიძლება იყოს და რა არა", - განაცხადა იობაშვილმა.

ცნობისთვის, "ფასების სამთავრობო კომისია" ამ წუთებში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

შეგახსებნებთ, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს - მწარმოებლებს, ხოლო 28 იანვარს ფარმასექტორს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები