სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ნემსაძის განცხადებით, საწვავზე აქციზის შესაძლო შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და ტარიფებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.
როგორც „საქმიან დილასთან“ საუბრისას ნემსაძემ განმარტა, საერთაშორისო გადაზიდვებისას სატვირთოებს საწვავის ჩასხმა გზად, სხვა ქვეყნებშიც უწევთ. მაგ. თურქეთში შესვლისას კანონით განსაზღვრულია ის, თუ რამდენი საწვავით შეგიძლია საზღვრის გადაკვეთა. ამის გამო ქართველი გადამზიდავი იძულებულია, საწვავის ნახევარზე მეტ თურქეთში იყიდოს.
„40-თეთრიანი აქციზის შემცირების პირობებშიც კი, სტამბოლი-თბილისის მარშრუტზე ერთი სატვირთო ავტომანქანის გადაზიდვის ტარიფი დაახლოებით 400 ლარით გაიაფდება. 20-24 ტონა ტვირთზე გადანაწილებისას ეს ერთეულ პროდუქტზე უმნიშვნელო შეღავათს იძლევა.“ - განმარტა ნემსაძემ.
მისივე ინფორმაციით, საწვავის გაძვირებამ უკვე გამოიწვია სხვა ხარჯების ზრდა, გაძვირდა ავტოსადგომების, ტექნიკური სერვისების საფასური და გაიზარდა თანამშრომლების ხელფასები.
დღეს გადამზიდავებისთვის მთავარ პრობლემას საწვავის ფასზე მეტად კადრების მწვავე დეფიციტი წარმოადგენს.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ეს არის კადრები, იმიტომ რომ კადრების დეფიციტი იწვევს კომპანიების ზრდის შეჩერებასაც. ახლა არსებული ავტომანქანების დეფიციტი სწრაფად შეივსებოდა კომპანიების მიერ, რომ არ არსებობდეს მათთან ერთად კადრების დეფიციტიც. ავტოპარკის გაზრდას ვერ ახერხებენ კომპანიები, იმიტომ რომ არ ჰყავთ შესაბამისი კადრები.“ - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.
























