არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები - ამის შესახებ კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას
– ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. კალაძემ ასევე ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში




























