ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.
სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად, ის მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი ევროკავშირის სტანდარტებს არ ასახავს.
„შეშფოთებული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა“, - წერს ჰანკე ბრუინს სლოტი სოციალურ ქსელში.
I am concerned by the adoption of the draft law on 'transparency of foreign influence' in a first hearing by the Georgian parliament. It could impede crucial work of civil society and media. This law does not reflect EU standards and could compromise Georgia’s EU path. https://t.co/VCwSuPANCv
— Hanke Bruins Slot (@HankeBruinsSlot) April 18, 2024
17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.