მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ გაჩერდე, სულ რაღაც ისწავლე“ - განათლება არის ის, რაც მთელი ცხოვრება გრძელდება

საქართველოს ბანკი
27.10.26 16:55
• 103
სტატიაში საუბარია:

განათლებაზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს მისი პასუხებით კი არა, დასმული კითხვებით უნდა შევაფასოთ. ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია: ისიც, რა იცი, და ისიც, შეგიძლია თუ არა აღიარო, რომ რაღაც არ იცი ან არ გესმის, და სწორი კითხვა დასვა. სწორედ აქედან იწყება სწავლა - ინტერესიდან, დაფიქრებიდან და გარკვევის სურვილიდან.

ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ვფიქრობ, ბავშვს ამის გაცნობიერება თავიდანვე სჭირდება. გაცილებით ღირებულია, სიღრმისეულად დაინტერესდეს საკითხით, აღმოაჩინოს ის, რაც იზიდავს და გამოადგება, და ჰქონდეს სურვილი, მეტი გაიგოს. განათლებამ ამ ძიებაში უნდა შეუწყოს ხელი.

ფიზიკა ხშირად ისეთ კითხვებს გვახვედრებს, რომლებზეც მარტივი პასუხები არ არსებობს. პასუხამდე მისვლას დრო, მცდელობა და ზოგჯერ საკუთარი ვარაუდის თავიდან გააზრებაც სჭირდება. სწავლის პროცესშიც ასეა: გაურკვევლობა ბუნებრივია და ბავშვს უნდა შეეძლოს, მშვიდად თქვას: „ჯერ არ ვიცი“.

„ჩემი გზა ჩემია, შვილის - მისი“

შვილის ინტერესების მხარდაჭერაზე ჩემი პასუხი მარტივია: ჩემი გზა ჩემია, შვილის გზა კი მხოლოდ მისი. საკუთარ გზას თავად ეძებს და ამ ძიებაში ყოველთვის დავუჭერ მხარს.

მიმართულების მიცემასა და მის ნაცვლად არჩევანის გაკეთებას შორის ზღვარი ჩემთვის ნდობაზე გადის. რჩევას მაშინ აქვს ფასი, როცა ბავშვს საკუთარი აზრის გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების სივრცეც რჩება. მშობლის გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს, თუმცა შვილის ინტერესების გასაგებად მხოლოდ საკუთარი გამოცდილება საკმარისი ვერ იქნება - მასაც უნდა მოვუსმინოთ.

სიამაყის მიზეზიც ბევრი არსებობს. ბავშვის ზრდას ყოველდღიურ მცდელობებში ხედავ: როცა რთულ საქმეს უბრუნდება, კითხვას სვამს, აზრს გამოთქვამს ან შეცდომას აღიარებს. ამ ყველაფერს ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება.

შეცდომა სწავლის განუყოფელი ნაწილია

შეცდომის დაშვება სწავლის ბუნებრივი ნაწილია. ფიზიკაში ვარაუდს ამოწმებ, შედეგს აკვირდები და, საჭიროების შემთხვევაში, მსჯელობას ცვლი. ბავშვსაც სჭირდება შესაძლებლობა, სცადოს, შეცდეს და გაარკვიოს, რატომ მიიღო ასეთი შედეგი.

ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეეძლოს ახსნა, რატომ ფიქრობს ასე. ახსნის დროს ჩანს, როგორ მივიდა პასუხამდე, რას დაეყრდნო და სად დარჩა გაურკვევლობა. ეს საუბრის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს და ბავშვს საკუთარი მსჯელობის უკეთ დანახვაში ეხმარება.

ცოდნა, რომელსაც გააზრება ახლავს

სამყაროში, სადაც პასუხის მიღება სულ უფრო მარტივია, ინფორმაციის შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვს უნდა შეეძლოს სანდო წყაროების განსაზღვრა, იქნება ეს ადამიანი, ვებგვერდი თუ სოციალური ჯგუფი და მიღებული ინფორმაციის ლოგიკურად გააზრება.

საიდან ვიცით ეს? რას ეფუძნება ნათქვამი? შეესაბამება თუ არა დასკვნა არგუმენტებს? ასეთი კითხვები ცოდნის გააზრებაში გვეხმარება.

ცოდნა და აზროვნებაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. რაც მეტი იცი, მეტი შესაძლებლობა გაქვს, მოვლენებს შორის კავშირები დაინახო, საკითხს სხვადასხვა მხრიდან შეხედო და გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღო. განათლების გავლენა სწორედ ამ ყოველდღიურ ფიქრსა და არჩევანშიც ვლინდება.

ჩემს შვილს განათლების გზიდან ერთი რამ მინდა გაჰყვეს: „არ გაჩერდეს და სულ რაღაც ისწავლოს!“ შეინარჩუნოს ინტერესი, დასვას კითხვები და ახალი ცოდნისთვის ადგილი ყოველთვის დატოვოს. რადგან სწავლის გაგრძელების სურვილი მთელი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გახდეს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები