ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავი ბოლომდე გაიშიშვილა.
გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც პრევროპული პროტესქტის მონაწილეა და რუსთაველის გამზირზე აქციაზე ხშირად დადის, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩაჭიდებული ადამიანია.
„ქართულ ოცნებაში“ ყველაფერი „ვითომ“ არის: ვითომ ჰუმანური, ვითომ ევროპისკენ მიმავალი, ვითომ რელიგიური, ვითომ ღვთისმოყვარე და ა.შ. ეს ასე არ არის და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. ბიძინა ივანიშვილი არის ერთი ჩვეულებრივი ძალაუფლებას ჩაჭიდებული ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, ის ნიღბებს ნელ-ნელა იხსნის და რაც უფრო მეტად სჭირდება, მით მეტ სისასტიკეს სჩადის. არ გამიკვირდება, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ნიღაბი ჩამოიხსნას და ორი გვამიც მოითხოვოს - ორი გვამის მომტანი პირველ რიგებში ჰყავს - ხარებას ვგულისხმობ. თავიდანვე ასეთები დაიყენა ბიძინა ივანიშვილმა გვერდში - ეს არის ლევან მურუსიძე და სხვები“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ თავისი ქართველი ხალხი გადააგდო, არამედ თავისი გუნდის წევრებიც“. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში იყო მისული ირაკლი ღარიბაშვილი.
„რეალურად, „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი ბზარია. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ოფისში უკვე ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა. დღეს გავრცელდა ხმები, რომ ტრავმატოლგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით. არ ვიცი რას უკავშირდება ეს, თუმცა საიდუმლოებით მოცული ამბავია. ასევე, თეა წულუკიანი, რომელზედაც დანამდვილებით ვიცი, რომ ნაწყენია და შეიძლება ითქვას, გაბრაზებულია, რადგან ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ თავისი ამომრჩეველი, არამედ თავისი გუნდის ბევრი წევრები გადააგდო. ბევრს ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ ევროპაში ღირსებით მიდიოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა ეს ხალხიც გადააგდო და მოინდომა, ესენიც მოძალადეებად და თანამზრახველებად აქციოს. მგონია, რომ ბევრი ამაზე ხელს არ მოაწერს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი - მან პოსტი იმიტომ დატოვა, რომ მეორედ „რუსული კანონის“ შემობრუნება არ უნდოდა, მაგრამ გამოჩნდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, მე ყველაფერს გავაკეთებო“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა tv „პირველთან“.